ბიზნესი
26/01/2021

ქართული კოსმეტიკური ბრენდი “უსული“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს

ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „უსული“ პანდემიის პირობებში დაფუძნდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელა ნანი  კობახიძემ განუცხადა,  საუბარია, თავის მოვლის საშუალებებზე და სამკურნალო მალამოებზე.

მათ შორისაა,   დღისა და ღამის დამატენიანებელი საცხი, თვალის საცხი, ტუჩის ბალმი, მალამო პრობლემური კანისათვის, სახის ნიღბები და კოსმეტიკური საპონი, მიცერალური წყალი, სახის და თმის სერუმი, ტანის დასაბანი გელი, ჰერპესის, დამწვრობის და ნაწოლების სამკურნალო მალამოები, ფიჭვისა და ნაძვის ფისაზე დამზადებული თმის ასაცლელი ცვილი.

„სპერმაცეპტი და კაკაოს კარაქი ეს ის ინგრედიენტებია, რაც ძირითადი კომპონენტებია და რაჭაში რა თქმა უნდა არ მოგვეპოვება, ამის გარდა ჩვენ საცხებს , მალამოებს და ა.შ. ბევრი დანამატი აქვს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე. ესენია: ევკალიპტის ფოთლები, ზაფრანა, მრავალძარღვა, პიტნა, გვირილა, იასამანი, ალოე, ვარდი, ასკილი, ცაცხვის ფოთლები, ფიჭვის ნაყენი, შავი მოცხარი, ქაცვის ზეთი, ოხრახუშის ნაყენი, აბლიპიხა, რაჭული თაფლი, ფუტკრის სანთელი, ფისა და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი. ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს ან პარაბენებს და გაჯერებულია ვიტამინებით. ჩვენ „უსული“-ს პროდუქციას ვუწოდებთ ცოცხალს, რადგან მასში შემავალი მცენარეული კომპონენტები ინარჩუნებენ ყველა სასიცოცხლო ინგრედიენტებს და მნიშვნელოვანი ბიოაქტიური ნივთიერებები დაუზიანებელი რჩება. ეს ის ჩამონათვალია, რაც ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის ჩვენ პროდუქციას“-აცხადებს კობახიძე.

მისი ინფორმაციით, პროდუქციის ღირებულება ამ ეტაპისთვის 5 ლარიდან - 50 ლარამდე მერყეობს,ინგრედიენტებიდან გამომდინარე. „უსული“ მომხმარებელს  სასაჩუქრე - “Usuli Beauty Box”-საც სთავზობს  , რომლის ღირებულებაც 32 ლარიდან იწყება და მომხმარებლის სურვილის მიხედვით კომპლექტდება.

ამ ეტაპისთვის „უსული“-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თბილისში, მაღაზია Vintylator ვინტილატორი, ასევე, რაჭაში, ონი, სოციალური მაღაზია“ეთნოონი“, და „უსული“-ს ონლაინ მაღაზიაში.

„უახლოეს მომავალში ჩვენი პროდუქცია განთავსდება რამდენიმე ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე. რათქმა უნდა, ვგეგმავთ აფთიაქებთან და სხვა სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობას , ყველანაირი ეტიკეტირების და ლაბორატორიული წესების დაცვით“-აცხადებს კობახიძე.

მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში კომპანია ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს, თუმცა, ამას საწყის ეტაპზე საერთაშორისო ონლაინ პლატფორმების საშუალებით აპირებს.

“ექსპორტზე გასვლას პირველ ეტაპზე საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმების მეშვეობით ვგეგმავთ, ჩვენთვის ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ არ ვჩქარობთ და ყველაფერს ეტაპობრივად ვაკეთებთ“-აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „უსულში“ განმარტავენ, რომ უახლოეს მომავალში პროდუქცია ყველა ასაკისა და სეგმენტის მომხმარებელისთვის იქნება მისაღები და საინტერესო.

„ჩვენ „უსული“-ს პროდუქციას ვყოფთ კოლექციებად, სეზონის, ინგრედიენტების, სქესის მიხედვით, შესაბამისად ყოველი ახალი პერიოდი ჩვენი მომხარებლებისთვის სიახლესთან იქნება დაკავშირებული“-აცხადებს ნანი კობახიძე.