ქართული ხის სათამაშოების კომპანია "კუ ბიკი" წარმოებას აფართოებს და დიზაინერების გუნდს ქმნის
ქართული ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია "კუ ბიკი" გაფართოებას აპირებს.
კომპანიის ცნობით, გაფართოების ფარგლებში ადგილობრივი, ქართული თემატიკა იქნება გამოყენებული, ამ მიზნით კი "კუ ბიკი" გეგმავს შექმნას სათამაშოების დიზაინერების გუნდი, რომლებიც მუდმივად შესთავაზებენ კომპანიას ახალ, საინტერესო იდეებსა და მოდელებს.
"კუ ბიკი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს იდეები და აწარმოოს ახალი სათამაშოები ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით.
გვჯერა, რომ ქართველ დიზაინერებს შეუძლიათ, შექმნან ისეთი სათამაშოები, რომლებიც მორგებული იქნება ქართულ თემატიკას და ადგილობრივი მომხმარებლების საჭიროებებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სათამაშოების დიზაინერის პროფესია ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ეს მიმართულება განვავითაროთ. ამისთვის კი ვეძებთ ნიჭიერ დიზაინერებს, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენთან თანამშრომლობით, ჩვენ კი მუდმივად ვიზრუნებთ მათ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდაზე,“ – აღნიშნაბს "კუ ბიკის" აღმასრულებელი დირექტორი ბექა კაცაძე.
„კუ ბიკს“ ასორტიმენტში ამჟამად 20-მდე სახეობის სათამაშო აქვს, მათ შორის: ქართული ანბანის, ციფრების, არითმეტიკის კუბიკები; ჭანჭიკელა, სორტერი ფერმა და სხვა.
"კუ ბიკი" კომპანია "სინერჯი კაპიტალის" პორტფოლიოში შედის. სს "სინერჯი კაპიტალი" 2018 წელს "სინერჯი ჯგუფმა" შექმნა. "სინერჯი კაპიტალი" 11 კომპანიაში ქვეფონდების ფორმით ფლობს წილებს 20%-იდან 50%-მდე, სადაც შეჰყავს ინვესტორები და უზრდის კომპანიებს კაპიტალს. თითოეულ ქვეფონდში კომპანია საკუთრებაში იტოვებს მინიმუმ 20%-ს მუდმივად, რითიც კომპანიის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას და პასუხისმგებლობას გრძელვადიანად ინარჩუნებს.