ბიზნესი
10/10/2022

ქართული ხელნაკეთი, ორგანული კოსმეტიკა უცხოეთში გაიყიდება - "ეიფორიას" გეგმები

ბრიტანული ბრენდის ინსპირაციით შექმნილი ქართული ხელნაკეთი, ორგანული კოსმეტიკა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. 6 წლის წინ, 2 მეგობრის მიერ, სამზარეულოში დაწყებული საქმიანობა, დღეს უკვე წარმატებული ბიზნესია.

„ეიფორია“ ბაზარზე ისეთ დროს გამოჩნდა, როცა ხელნაკეთ ორგანულ კოსმეტიკას ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არავინ აწარმოებდა, ეს მიმართულება არც ისე მოთხოვნადი იყო და კომპანიას მომხმარებლების გულის მოსაგებად, საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა.

როგორც ბრენდის დამფუძნებლები ირინა პაპაშვილი და ანა სულაბერიძე ამბობენ, საპნები, ტანის ზეთი, სკრაბი, კარაქი, აბაზანის ბომბები - ეს იმ სპა პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დღეს „ეიფორიას“ ბრენდის ქვეშ იწარმოება. თუმცა, წარმოების პროცესამდე ჯერ ფორმულა დგება, რომელზე მუშაობაც ქართული ბრენდის დამფუძნებლებმა სწორედ ბრიტანეთში ისწავლეს.

„ეიფორიას" ქართული ხელნაკეთი ორგანული კოსმეტიკა, ამ ეტაპზე, იმპორტირებული ნედლეულით მზადდება, რადგან ინგრენდიენტების უმრავლესობა საქართველოში არ იწარმოება. ამიტომ, მათი იმპორტი ამერიკიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდება. რაც შეეხება მზა პროდუქციის რეალიზაციას, ამჟამად, საქართველოში ორგანული კოსმეტიკის ბაზარზე გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. „ამ ზაფხულს გაყიდვებმა პანდემიმადელ მაჩვენებელს გადააჭარბა“, - ამბობს ანა სულაბერიძე.

ირინა პაპაშვილის თქმით კი, „ეიფორია“ მიღწეულ შედეგზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს გეგმებში, ქართული ხელნაკეთი, ორგანული კოსმეტიკის ექსპორტზე გატანა, ასევე გაყიდვების არეალის გაფართოება და მამაკაცის ხაზის დამატება შედის.

Businesspartner