"ქართულ ბაზარზე დაგროვილია დიდი რაოდენობით ავტომობილები, რამაც ფასების კლება გამოიწვია"
ქართული საავტომობილო ბიზნესი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ საქართველოდან ავტომობილების რეეექსპორტი განსაკუთრებით მზარდია ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამ ნაწილში, შემოსავლების კუთხით, ლიდერ პოზიციას ყირგიზეთი იკავებს, სადაც მაგალითად, გასულ თვეს 2 139 ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 71 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
მეორე ადგილზე შემოსავლების მხრივ ყაზახეთია, სადაც თითქმის 68 მილიონი დოლარის მანქანა გაიყიდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა, ქართულ ავტოინდუსტრიაზე რუსეთის ბაზრის დაკარგვას გავლენა არ ჰქონია, ვინაიდან მას ისედაც ექსპორტის 5% ეჭირა. მისი ინფორმაციით, სექტორი საექსპორტო მიმართულებით კვლავ იზრდება.
ვეკუას განმარტებით, ამერიკის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, რუსეთის ბაზრის დაკარგვის ფაქტმა, საქართველოს ახალი გზებიც კი გაუხსნა. მაგალითისთვის, ყაზახეთი რუსეთიდან მარაგდებოდა ავტომობილებით და ახლა ის ამ დანაკლისის შევსებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ცდილობს, მათ შორის საქართველოდან.
გარდა ყაზახეთისა, საქართველოდან ავტომობილები აქტიურად მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში იყიდება, ასევე ყირგიზეთში.
„სხვათაშორის, არის პრეცედენტები, როცა საქართველოდან ავტომობილები ექსპორტზე აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებშიც გადის, როგორებიცაა: პოლონეთი და მოლდოვა. გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის მიერ მცირე რაოდენობით ავტომობილები გერმანიაშიც იგზავნება“, - განმარტა ალექსანდრე ვეკუმა.
მისივე თქმით, საქართველოდან სხვა ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი 10-დან 20 ათას დოლარამდე ღირებულების ავტომობილებია.
„რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საქართველოში ისევ გამოწვევად რჩება საავტომობილო პრეფიციტი და ეს პრობლემა ჯერ ვერ გადაიჭრა, ანუ მიწოდება - მოთხოვნას აღემატება, დაგროვილია დიდი რაოდენობით ავტომობილები, რამაც ბოლო კვარტალში ავტომობილების მცირედით გაიაფება გამოიწვია. ფასები, დაახლოებით, 5-10%-ით არის შემცირებული“,- აღნიშნა „კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში, საქართველოდან ექსპორტზე $1.566 მლრდ-ის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა. რაც შეეხება მხოლოდ გასულ თვეს, სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში 9 822 მანქანა გაიყიდა, მიღებულმა შემოსავალმა კი $197 მილიონს მიაღწია.