ბიზნესი
15/03/2020

კარფური: ნუ აყვებით აჟიოტაჟს, სურსათის დეფიციტის ან ფასების ზრდის საფრთხე არ არის

კომპანია კარფური მომხმარებლებს მოუწოდებს ნუ აყვებიან აჟიოტაჟს.

კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე.

“ცალკეულ პროდუქციაზე მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე თაროებზე არსებული დანაკლისი ივსება მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე დროში.

გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადრისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული. პროდუქტი იქნება თაროზე საკმარისი რაოდენობით და შენარჩუნებული ფასით. გამომდინარე აქედან მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ კარფურის ყველა ფილიალი განაგრძობს ოპერირებას, დატვირთულ მაგრამ ჩვეულ სტაბილურ რეჟიმში.

ამასთანავე გვსურს ავღნიშნოთ, რომ კომპანია კარფურისთვის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვახორციელბთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის დასაცავად და რისკების პრევენციისათვის. ყოველდღიურად ხდება მაღაზიის წმენდა-დეზინფექცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე ვითვალისწინებთ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მითითებას. მაღაზიასა თუ სათაო ოფისში შესვლამდე ყველა თანამშრომელი გადის ტემპერატურის სავალდებულო კონტროლს. კომპანიის შინაგანაწესის თანახმად მოგზაურიბიდან ჩამოსული ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე გადის სავალდებულო 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს. რეგულარულად ხდება ურიკების, კალათების და ყველა ზედაპირის დეზინფექცირება. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ დამატებით ზომებს, იმისთვის რომ ვუზრუნველყოთ ჰიგიენური და უვნებელი გარემო, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის”, – ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად კომპანია მადლობა უხდის თითოეულ თანამშრომელს ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.

Businesspartner