ბიზნესი
20/07/2021

"ქალაქური" ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს და პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს

თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია „ქალაქური“ ახალი ქარხნის მშენებლობას წლის ბოლომდე დაიწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ახალი ქარხნის მშენებლობის პროექტი კომპანიას ასორტიმენტის გაფართოების საშუალებას მისცემს. კერძოდ, დაგეგმილია ჩურჩხელების, ჯემების და ნატურალური წვენების წარმოება.

ახალი ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა მშენებლობის დაწყებიდან 5 თვეში იგეგმება, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 2.5 მილიონი ლარია.

მისი განცხადებით, საწარმო არსებულისგან დამოუკიდებლად, სხვა ტერიტორიაზე აშენდება. განიხილება 2 ლოკაცია, რომელიც კომპანიის მფლობელობაშია. ეს არის მცხეთაში, ნატახტრის  ტერიტორიაზე  ან კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში.

„კომპანიის საკუთრებაშია 3 000 კვ.მ-ის ფართის მიწა, შენობა-ნაგებობები 800-1200 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ახალი თანამდეროვე მანქანა-დანადგარების საშუალებით წარმადობა  პირველ ეტაპზე დაახლოებით 30-40%-ით გაიზრდება. ამ დროისთვის არსებული ქარხანა წელიწადში დაახლოებით,  200 ტონამდე თხილის, ხოლო 80-100 ტონამდე ჩირის გადაამუშავებს,“ - აცხადებს ღოღაძე.

მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია ფინანსების მოძების პროცესშია. „გვინდა, სახელმწიფო პროგრამებშიც მივიღოთ მონაწილეობა, პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია,“ - განმარტავს „ქალაქურის“ დამფუძნებელი.

კომპანია "ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს  და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის.  მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა,  მიწის თხილი, გოგრის გული,  სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი,თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით , თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით. პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე  დაფასოებული -  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში. ამჟამად კომპანიის ქარხანა თბილისში, თემქაზე მდებარეობს.