ბიზნესი
14/04/2022

ქალაქში Qari-ს ახალი მიკროელექტრო მანქანები გამოჩნდა

თბილისში Qari Electric-ს 100%-ით ელექტრო მანქანები გამოჩნდა.

"დღეიდან ჩვენი ახალი მიკრო–ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა" – წერს კომპანია Qari Electric-ი სოციალურ ქსელში. 

Citroen Ami-ის ულტრა კომპაქტური ელექტრო მანქანის დიზაინი ისეა შექმნილი, რომ მისი ყველა ნაწილი მთლიანად ექვემდებარება გადამუშავებას რითიც ჩვენი პლანეტა ნაკლებად დაზიანდება. არ გამოყოფს გამონაბოლქვს და არც ხმაურით აბინძურებს ქალაქს. ეს არის ელექტრო ალტერნატივა ყველასთვის.

დღეიდან, ქარის აპლიკაცია მულტიმოდალურია, რაც ერთ აპლიკაციაში რამდენიმე სატრანსპორტო არჩევანს ნიშნავს. ელექტრო მოპედთან ერთად ახლა უკვე სატესტო რეჟიმში ელექტრო მანქანებიც გამოჩნდება. Qari App-ში ორივე ელექტრო ტრანსპორტისთვის განსაზღვრულია სპეციალური საპარკინგე ზონები. Citroen Ami-ით გადაადგილება შეუძლია ორ ადამიანს. მანქანის კომპაქტური დიზაინის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრი ადგილი რჩება ბარგისთვის. Citroen Ami-ს მაქსიმალური სიჩქარე - 45კმ/სთ-ია და სრული დამუხტვით მაქსიმუმ 75 კმ-ის დაფარვა შეუძლია. მისი ზომა მოსახერხებელია იმ ურბანული გარემოსთვის, სადაც პარკინგი ყოველდღიური პრობლემაა.

მიკრო-მანქანით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. Მანქანის სამართავად საჭიროა B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობა, ხოლო მოპედის სამართავად - AM ან ნებისმიერი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობა. Qari Ami-ით სარგებლობის შემდეგ, მომხმარებელს მისი დატოვება ქარის აპლიკაციის პარკირების ზონებში შეუძლია. ქარი ეკო-მეგობრული ელექტრო ტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის.

ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა უკრაინის ბაზარზე Qari Electric-ის შეტანაც. კომპანიას ლიცენზია უკვე მოპოვებული ქონდა და ელექტრომოპედების გაზიარების სერვისის გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავდა.