კახაბერ ცისკარიძემ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის შოურუმის თბილისში გახსნა გადადო
პანდემიამ ნეგატიური გავლენა ცნობილი მომღერლის, კახაბერ ცისკარიძის ტანსაცმლის შოურუმზეც მოახდინა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მომღერალმა და Kakhaberi Clothing-ის დამფუძნებელმა განუცხადა, ბათუმში ბიზნესის თვალსაზრისით საკმაოდ რთული სიტუაციაა ,შემცირებულია გაყიდვები. მიზეზი კი დიდი ალბათობით, როგორც ტურისტების არ არსებობა, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებაა.
ცისკარიძის განმარტებით, პანდემიამ დააპაუზა განვითარების გეგმაც. კერძოდ, გადაიდო, თბილისში შოურუმის გახსნა.
„სამომავლოდ შესაძლოა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ფარგლებს გარეთ გავხსნათ შოურუმი და ის წარმოაჩენს ქართულ ბრენდებს, ის იქნება არტისტის მიერ შექმნილი და უკვე ამ შოურუმმა წარადგინოს სხვა არტისტი დიზაინერები. განვითარებას ასე ვფიქრობთ,“ - აცხადებს ცისკარიძე.
ცნობილმა მომღერალმა ბათუმში Kakhaberi Clothing-ის ბრენდის შოურუმი 2020 წლის ზაფხულში გახსნა. ეს არის ტრანსფორმირებადი სივრცე, სადაც შეიძლება მოეწყოს როგორც მუსიკალური ღონისძიებებიც, ისე ფერწერული გამოფენები. კახაბერის ტანსაცმლის კოლექციაში წარმოდგენილია ორი მიმართულება, ერთი – თავისუფალი, ე.წ. ქეჟუალ სტილის სამოსი, მეორე კი უფრო მეტად ექსკლუზიური და სახელობითი. სამოსი ქართული ელემენტებითაა გაჯერებული, თუმცა, თანამედროვე ელფერი აქვს მიცემული.
მისი განცხადებით, თავისუფალი, ე.წ. ქეჟუალ სტილის სამოსის ფასი 100 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს, მეორე მიმართულების სამოსი შედარებით ძვირადღირებულია და ფასი 400 ლარიდან იწყება. ეს ხაზი შეკვეთით იკერება.
კახაბერ ცისკარიძე აცხადებს, რომ საქართველოში ის პირველი მომღერალია, რომელმაც საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი შექმნა.
„სამოსის პანდემიამდე ჩემთან, სახელოსნოში იკერებოდა, პანდემიის დროს დაიკეტა, რის შემდეგაც შეკვეთები ბათუმში გადავიტანე, ერთ-ერთ საწარმოში. ახლა ისევ მცდელობა მაქვს რომ სახელოსნო ისევ თბილისში გავხსნა,“ - აცხადებს კახაბერ ცისკარიძე.