ბიზნესი
12/02/2021

კახაბერ ცისკარიძე შოკოლადი "თხა და ვენახის" მასიური წარმოებისთვის ბიზნესპარტნიორს ეძებს

ცნობილი ქართველი მომღერალი კახაბერ ცისკარიძე პირველი ქართული შემეცნებით-გასართობი შოკოლადი "თხა და ვენახის“ მასობრივ წარმოებას გეგმავს. საუბარია, მუსიკოსის შემოქმედებაზე შექმნილ შოკოლადზე.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თავად კახაბერ ცისკარიძემ განუცხადა, გასულ წელს სარეალიზაციო ქსელში შოკოლადის საცდელი პარტია, 5000 ცალი კოლოფი ჩაეშვა და მოთხოვნამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. პროდუქტი იყიდებოდა „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ასევე მუსიკოსისვე ტანსაცმლის შოურუმში, რომელიც ბათუმში მდებარეობს.

შოკოლადის მთლიანი შეკვრის ფასი 6.95 ლარი იყო, სადაც სულ 8 ფილა შავი და რძიანი შოკოლადი იყო განთავსებული.

როგორც ცისკარიძე აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები შოკოლადის მწარმოებელ კომპანია „ბარამბოსთან“, რათა პროდუქტის მასობრივი წარმოება დაიწყოს. მისი ინფორმაციით, ბრენდი უკვე დარეგისტრირებულია “საქპატენტში“.

„ვსაუბრობ ისევ “ბარამბოსთან“, თუ შეთანხმება მოხდება თანამშრომლობა მათთან გაგრძელდება, თუ არადა, შოკოლადს სხვა სახით გამოვუშვებთ. განვიხილავ შოკოლადის მწარმოებელ სხვა კომპანიების შეთავზებებსაც. შემიძლია ვითანამშომლო „ბიბლუსთანაც“, თუ რა თქმა უნდა ფულს ჩადებს ამაში,“ - აცხადებს ცისკარიძე.

მისი განცხადებით, თუ ყველაფერი კარგად იქნება, „თხა და ვენახის“ წარმოება მიმდინარე წელსვე დაიწყება.