"ჯორჯიან მანგანეზს" ექსპორტი 30%-ით გაეზარდა
„ჯორჯიან მანგანეზს“ გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებთან შედარებით, ექსპორტი 30%-ით გაეზარდა. გაზრდილია პროდუქციის ფასიც 25%-ით.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის წარმომადგენელი, გიგა კაცია აცხადებს, ფასის ზრდა მომგებიანობის ზრდას არ განაპირობებს, რადგან გაზრდილია პროდუქციის თვითღირებულებაც.
„მიმდინარე პერიოდში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. ექსპორტი დაახლოებით 30%-ით გვაქვს გაზრდილი. ეს ძირითადად შარშანდელი ეპიდემიის გამოძახილია. შარშან ჩვენი კონტრაქტები 25%-ით ვერ შესრულდა, რადგან წამყვანი ბაზრები ჩაკეტილი იყო. ვინაიდან, წელს ეს ყველაფერი გაიხსნა, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს.
შარშანდელი ჩამორჩენა ავანაზღაურეთ. 30%-ით მეტი გვაქვს გადატვირთული პროდუქცია, ვიდრე შარშან 6 თვის მონაცემებით გვქონდა. გაზრდილია მოთხოვნაც, რამაც ბუნებრივია, გამოიწვია ფასის ზრდაც. ჩვენს შემთხვევაში ფასი 20-25%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ამ გაზრდილ ფასებთან ერთად გაზრდილია ფასები სხვა ნედლეულზე, რომელსაც ჩვენს პროდუქციაში გამოვიყენებთ. იგივე, ხე-ტყის მასალა, კოქსი, თუ სხვა. ვინაიდან, ჩვენი პროდუქტი ციკლური ხასიათისაა, ველოდებით, რომ მასზე ფასი დასტაბილურდება.
ფასის 20-25%-იანი მატება მომგებიანობას არ ზრდის, რადგან თვითღირებულებაც გაზრდილია. ციკლურობიდან გამომდინარე, ველოდებით, რომ დაიწევს როგორც ჩვენი პროდუქციის ფასი, ასევე სხვა იმ ინგრედიენტების, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ასევეა ტრანსპორტირება. დღეს ტრანსპორტირება 3-ჯერ მეტი გვიჯდება, ვიდრე შარშან“, - აღნიშნა გიგა კაციამ.