ბიზნესი
23/06/2023

ჯორჯიან მანგანეზი: მზად ვართ, მაღაროები მაღაროელებს გადავცეთ მართვაში

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, კომპანია მზადაა ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გარკვეული პირობით მართვაში გადასცეს. 

"ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.
​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 18 დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვდნენ.

Businesspartner