"ჯინო ფერედაისი“ შესაძლოა, ატენის ხეობაში ბალნეოკურორტის განვითარებით დაინტერესდეს
გორში, ბისიის ჩანჩქერი და ატენის ხეობა ინვესტორის მოლოდინშია. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი რობერტ მაღლაკელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს. მისი ინიციატივით მომზადებული ატენის ხეობის განვითარების 3D მაკეტის შეთავაზება გორის მუნიციპალიტეტის და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ აქტიურად ხდება.
მაღლაკელიძე აცხადებს, რომ პროექტი შეთავაზებული იყო „ჯინო ფერედაისის“ მეპატრონე ნოდარ გიორგაძესთვისაც, თუმცა, უშედეგოდ. სამაგიეროდ, ქართველი ბიზნესმენი ატენის ხეობაში არსებული სამკურნალო, თერმულ წყლებზე ბალნეოკურორტის განვითარებით დაინტერესდა. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ბიისის სამკურნალო წყლები წინა ხელისუფლების დროს კერძო მფლობელობაში გადავიდა.
„ობიექტი 30 წლიანი იჯარითაა გაცემული, ამ დროისთვის კი მეპატრონის მოძებნა ვერ ხერხდება,“ -აცხადებს მაღლაკელიძე.
საუბარია, ჯამში, დაახლოებით 8 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომლის განვითარების შემდეგაც ტერიტორია და რეგიონი ტურისტებისთვის იმაზე მეტად მიმზიდველი იქნება, ვიდრე დღეს არის. როგორც მაღლაკელიძე აცხადებს, გორის მერია პროექტს უსახსრობის გამო ვერ ახორციელებს.
ატენის ხეობაში არსებული ბიისის ჩანჩქერის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ იგი ყოველ ზამთარს იყინება. ეს არის ერთადერთი, მსგავსი ჩანჩქერი საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს. მისი სიგრძე 50 მეტრს აღწევს და ყინულიც იმდენად სქელია, რომ თებერვლის დასაწყისში აქ იმართება კედელზე ცოცვის ფესტივალი, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო მთამსვლელები და მოყვარულები მონაწილეობენ.
ბიისის ჩანჩქერის სახელწოდება მისი მდებარეობიდან გამომდინარეობს. იგი სოფელ ბიისიდან სულ რაღაც 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მდინარე ტანასთან ახლოს. სოფლიდან ჩანჩქერამდე სამანქანო გზა მხოლოდ 3 კილომეტრზეა.