
ბიზნესი
27/05/2021
ჯარიმა-საურავების შემცირებაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება 369 გადამხდელს სურს
დღეის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, 369 განაცხადი დარეგისტრირდა, - მონაცემებს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისამდე წარმოშობილი აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.
ჯარიმა-საურავების პატიების შესახებ, გადაწყვეტილება ერთჯერადად აღსრულდება და მიზნად ისახავს გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევას
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით და მათი დაკმაყოფილება ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება.