ბიზნესი
27/11/2020

ისთ ფოინთი: თუ ჩვენი პარტნიორები ვერ იღებენ შემოსავალს, მას ვერც ჩვენ მივიღებთ

„ისთ ფოინთისთვის“ მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება აღარ აქვთ, სრულ ჩაკეტვას ნიშნავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მოლის მარკეტინგის ხელმძღვანელმა განაცხადა, დეკემბერი მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თვე იყო. ახლა კი ჩაკეტვის გამო არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

„ჩვენი სფეროსთვის ეს ე.წ ლოქდაუნია. დეკემბრის თვე რითეილში ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. სამწუხაროდ, ამ თვეში, ფაქტობრივად, ვერ შევძლებთ ოპერირებას. შეუძლებელია, რომ იმ რამდენიმე დღემ დააბალანსოს მთელი თვის სავაჭრო პერიოდი. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რაც აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე. ზოგადად, იანვარი და თებერვალი ისედაც ყოველთვის რთული თვეებია ხოლმე. დეკემბერი კი მომდევნო ორ თვეში სამუშაოდ გარკვეულ რესურსს გვაძლევს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში ვერ ვმუშაობთ და მოდის ისედაც მძიმე თვეები, რასაც თან ერთვის პანდემია. მან თავის მხრივ საგრძნობლად შეამცირა, როგორც ადამიანების ნაკადი, ასევე ნავაჭრის რაოდენობა და ბიზნესის უნარიანობა. ჩვენთან თითქმის სულ საერთაშორისო ბრენდები არიან წარმოდგენილი. ეს ყველა ბიზნესი მიბმულია უცხოურ ვალუტაზე, შესაბამისად, ისედაც რთულ მდგომარეობაში იყვნენ. თუ ჩვენი პარტნიორები ვერ იღებენ შემოსავალს, მას ვერც ჩვენ ვიღებთ“,- აღნიშნა თეიკო ლომინაძემ.