ისთ ფოინთი: მივიღეთ დაპირება, დეკემბერში სრული "ლოქდაუნი" არ იქნება
სარესტორნო სექტორის შემდეგ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრების ხელმღვანელ პირებს შეხვდნენ. „ბიზნესპარტნიორთან“ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის დირექტორი, თეიკო ლომინაძე იმ სცენარებს განმარტავს, რომელიც შეზღუდვების მიმართულებით განიხილეს.
„ვიმსჯელეთ, რა არის გამოსავალი, რომელიც ერთი მხრივ, დაეხმარება და შეცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს, მეორე მხრივ, რა იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ გადაიტანს ბიზნესი. ამ ეტაპზე ვისაუბრეთ რამდენიმე სცენარზე, იქნება ეს სამუშაო საათების შემცირება, თუ დამატებით სამუშაო დღეების შემცირება. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც განგვიმარტეს, მთავრობა გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს. ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რითეილისთვის დეკემბრის თვე. ვიმსჯელეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დეკემბერში შევძლოთ ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აქ არ არის საუბარი სრულ „ლოქდაუნზე“. საუბარია გონივრულ შეზღუდვებზე, რომელსაც ექნება ეფექტი. გაჟღერდა ასეთი ტიპის შეზღუდვაც, რომ არსებობს ქვეყნის მაგალითები, სადაც ე.წ შაბათ-კვირის „ლოქდაუნი“ იყო ერთ-ერთი შეზღუდვა. საერთაშორისო გამოცდილება აქტიურად იყო განხილული. მათ გაიგეს ჩვენი ხმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკმებრეში მოხდება სრული „ლოქდაუნი“ და ჩვენ ვერ შევძლებთ ფუნქციონირებას, კონკრეტულად ეს სფერო ამას ვერ გადაიტანს. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ სრული „ლოქდაუნი“ დეკემბერში არ იქნება. დამატებით შუალედური გამოსავალი უნდა გამოვნახოთ“,- ამბობს ლომინაძე.
მისივე ინფორმაციით, შეღუდვები კონკრეტულად რომელიმე სფეროს არ შეეხება და ის ყველა სფეროზე თანაბრად გავრცელდება.
„სისტემურად უყურებენ ყველა ტიპის შეზღუდვას. მსჯელობა მიდიოდა ყველა სფეროსთან. მათ შორის, სარესტორნოსთან, რითეილთან. ერთობლივად უყურებენ ამ ყველაფერს“,- განმარტა „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.