ბიზნესი
14/06/2021

ირაკლი როსტომაშვილი: თბილისის მიმდებარედ სამშენებლო ნებართვებზე მოთხოვნა გასამმაგდა

უძრავი ქონების ბაზარზე შეცვლილი ტენდენციები დეველოპერების ნაწილს სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირალი როსტომაშვილი განმარტავს, კერძო სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით გასამმაგებულია.

„ბოლო წელს პანდემიიდან გამომდინარე თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე როგორიც არის, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, ოქროყანა, სამშენებლო ნებართვებზე მოთხოვნა გასამმაგდა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ქალაქიდან გასვლაზე და კერძო საცხოვრებელ სახლზე. კერძო სახლის აშენება დაახლოებით იგივე ჯდება, რაც თბილისში 60 კვადრატული ბინის ყიდვა. ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ამ დასკვნამდე მივიდა და ძალიან დიდი მოთხოვნაა ქალაქიდან გასვლაზე, რასაც მივესალმები. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, დეველოპერები ვფიქრობთ, როგორ ვუპასუხოთ ამ ტენდენციას“,- აღნიშნა დეველოპერმა.

როსტომაშვილი ფიქრობს, რომ ამ ტენდენციის პარალელურად შემცირდება ბინების გაყიდვა ე.წ პრესტიჟულ უბნებში. გაერთიანების ხელმძღვანელს მაგალითად მოჰყავს საერთაშორისო პრაქტიკაც.

„მგონია, რომ მაქსიმალურად შემცირდება ე.წ პრესტიჟულ უბნებში კორპუსებში ბინების მსურველთა რიცხვი და გაიზრდება გარეუბნებში კერძო სახლებისა და დახურული კომუნების ტიპის დასახლებები. თვითკმარი დასახლებები, სადაც არის მაღაზიაც, მცირე კაფე, საბავშვო ბაღი, სილამაზის სალონი, კვების ობიექტები და ა.შ. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაახლოებით 10 წლით ჩამოვრჩებით. ასეთი ტენდენცია იქ სწორედ ამ ხნის უკან იყო. პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთში ეს იყო 20-25 წლის წინ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 40 წლის წინ. რაღაც ტალღაა, რომელიც ჩვენამდე მოვიდა და ეს ძალიან კარგია“,- განაცხადა როსტომაშვილმა.