ბიზნესი
13/05/2021

ირაკლი ლექვინაძე: საწვავის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას და ლარის კურსის მოძრაობას უკავშირდება

კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, საწვავის ბაზარზე ფასების ხელოვნური მატება არ შეინიშნება. სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ფასების ზრდის მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.  

კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზარზე აგრძელებს მონიტორინგს. ჩვენი დაკვირვებით, 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ფასების ზრდა მთლიანად გამოწვეულია საბაზრო ფაქტორებით, რაც მსოფლიო ბაზარზე ფასების გაზრდასა და შიდა სავალუტო კურსის მოძრაობას უკავშირდება. ბაზარზე კონკურენციის ხარისხი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი და აქტიურია. 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, დაახლოებით 30 იმპორტიორი კომპანიაა.  საცალო რეალიზაციის ბაზარზე ყველაზე მსხვილი ხუთეულის წილი 2020 წლის მონაცემებით არის 56%-ის ფარგლებში და ეს წილი მცირდება. ასევე, ერთი და იგივე მარკის საწვავზე ვხედავთ, რომ ძალიან ბევრ ბენზინგასამართ სადგურზე განსხვავებული ფასებია. ეს მომხმარებელს განსხვავებული არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ რაიმე არასაბაზრო ფაქტორებს, რომლითაც ფასის კორექტირება ხდება“,- განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.