ირაკლი ქარსელაძე: ინვესტორებისთვის განაშენიანების მიზნით ახალი შესაძლებლობა გაჩნდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ინვესტორებისთვის, ასევე კერძო პირებისთვის, ასათვისებელ ტერიტორიებზე, განაშენიანების მიზნით, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. ცვლილება "საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შევა. პროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
ამასთან, მისი თქმით, კანონში შემოვა მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცნება, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტულ არეალებში შესაძლებელი იქნება განმარტებას დაქვემდებარებული შესაბამისი პროექტების განვითარება, ხელშეწყობა და სივცითულად დარეგულირება.
"განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭება უკვე არა მხოლოდ ნაშენ, არამედ უშენ ტერიტორიებზეც იქნება შესაძლებელი.
რეალურად მეორეკლასის შენობა-ნაგებობებისთვის არ იქნება საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტაციაზე არქიტექტურული პროექტის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემა პროექტის, ტექნოლოგიური სქემის პროექტის, საექსპერტო დასკვნების მომზადება", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, ცვლილება ხელს შეუწყობს ახალი არეალების გაჩენას, თუმცა არ გამოიწვევს ქაოტურ მშენებლობას.
"ველით, რომ გაჩნდება მეტი პროექტი, დასახლებები, ასევე სხვადასხვა რეკრეაციული და დასასვენებელი ადგილი, შესაძლოა, ახალი მიზიდულობის ცენტრები, რომელიც ბუნებრივია, ხელს შეუწყობსროგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ასევე დასაქმებას", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.