ბიზნესი
25/03/2021

ირაკლი იაშვილი: 2021 წლის პირველი კვარტალი ბიზნესისთვის უმძიმესია

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი ბიზნესისთვის მძიმეა.

„სფეროებში, რომელშიც მე ვმოღვაწეობ, უმძიმესი სიტუაციაა. მართალი გითხრათ, აქტივობის ასეთ კლებას არც ველოდი. გასულ წელთან შედარებაც კი არ შემიძლია. საუბარი მაქვს ღვინის სექტორზე, გადაზიდვებზე, ელექტროენერგიის წარმოება შემცირებულია, რადგან მოთხოვნა არ არის. სატრანსპორტო ინდუსტრია პირდაპირ მიბმულია მოთხოვნა-მიწოდებასთან, გემები ფაქტობრივად ცარიელი დადის,მოთხოვნა  არსად არ არის.

რაც შეეხება ღვინის სექტორს, ის სექტორი, რომელზეც ხარისხიანი და შედარებით ძვირადღირებული  პროდუქცია ივაჭრება, ეს არის HoReCa  სექტორი და ის მთელს მსოფლიოში პარალიზებულია. ევროპასა და იაპონიაში, იქ სადაც ჩვენი ძირითადი ბაზრებია - ლოქდაუნია. აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ჩემი ბიზნესებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ვიდრე საქართველოში. ჩემი ბიზნესების ძირითადი ნაწილი ექსპორტზეა ორიენტირებული,“ - აცხადებს იაშვილი. 

რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინი აქვს "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გარე ბაზრებთან მიმართებაში, იაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე მსოფლიოში მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება, წინსვლაზე ფიქრი ცოტა რთულია. როგორც იაშვილი აცხადებს, მიმდინარე წელი სავარაუდოდ ვაქცინაციას და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს დასჭირდება.

„მომავალ წელს ზრდის ნიშნებს უნდა ველოდოთ. აქტივობის თვალსაზრისით, 2019 წელი იყო ძალიან კარგი, ცუდი არ იყო 2020 წელი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სრული ლოქდაუნი იყო, წელს კი კლება ნამდვილად ჩანს. ამას ემატება  ისტერიები, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური, ეს ყველაფერი ამძიმებს სიტუაციას. მე ამაზე იმუნიტეტი მაქვს, 30 წლის განმავლობაში გამომიმუშავდა, მაგრამ, ეკონომიკას არ აქვს,“ - აცხადებს იაშვილი.