ბიზნესი
21/01/2021

ინტერიერის დიზაინერი კახა კურტანიძე: დაკვეთების 70% ემიგრანტებზე მოდის

კომპანია Chela Art Space-ის დამფუძნებელი კახა კურტანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში ინტერიერის დიზაინის პერსპექტივაზე, პანდემიის პირობებში მომხმარებლის აქტივობასა და ბიზნესში პანდემიის გავლენაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებულმა მძიმე მდგომარეობამ სარემონტო სამუშაოების ბიზნესიც დააზარალა. მომხმარებელთა აქტიურობა შემცირდა დაახლოებით 30%-ით, რაც  პანდემიის შედეგად სამშენებლო-სარემონტო ბაზარზე მომატებულმა ფასებმა განაპირობა.

„მომხმარებელთა უმეტესობა პანდემიამდეც და ახლაც ცდილობს, რომ აქცენტი უმეტესად ხელმისაწვდომ პროდუქციაზე გააკეთოს, თუმცა, დღეს ეს შედარებით რთულია, რადგან ბიუჯეტური მასალის ფასიც საკმაოდ გაზრდილია. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვცდილობ, დამკვეთზე ფინანსურად მორგებული პროექტების დაგეგმარებას, რაც შეიძლება კომპანიისთვის მინიმალური მოგების მიღებას გულისხმობდეს ,“ - განაცხადა Chela Art Space-ის დამფუძნებელმა.

როგორც ინტერიერის დიზაინერი აცხადებს, შესასრულებელი პროექტების უმეტესობა, დაახლოებით 70% ემიგრანტებზე მოდის, თუმცა, კომპანიას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საერთაშორისო ბაზარზეც, მაგალითად, საბერძნეთში, იტალიასა და ისრაელში. მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიური მდგომარეობისა, კომპანია განაგრძობს განვითარებას და ახალი პროექტების დაწყებას. მათ შორის, უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს ახალი პროექტის განხორციელება ევროპაში.

კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოში ინტერიერის დიზაინს განვითარების პერსპექტივა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, კურტანიძე აცხადებს, რომ ამ დარგის განვითარების პერსპექტივა  საკმაოდ დიდია და დღეს უკვე მოთხოვნადი.

„მე როდესაც საქმიანობა დავიწყე, მოთხოვნა მსგავს სერვისზე თითქმის არ იყო რადგან მსგავსი მომსახურება ფუფუნების საგნად აღიქმებოდა, ქვეყანაში ეს კულტურა ნელ-ნელა დამკვიდრდა. იმ დროისთვის მოთხოვნა მხოლოდ 3D გრაფიკა და დიზაინზე იყო, ხოლო  chela Art Space -მა მომხმარებელს შესთვაზა სრული პაკეტი, რაც გულისხმობდა პროექტის დაწყებას შავი კარკასიდან და მოიცავდა სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს- ინტერიერის დიზაინს, მოწყობას და ავეჯის შერჩევას, მსგავსი მომსახურებით დამკვეთი თავიდან იცილებს  დისკომფორტს, რომელიც თან ახლავს სარემონტო სამუშაოებს, როგორიცაა ხელოსნების მოძიება და მართვა, ასევე სხვადასხვა მასალების შერჩევა და შეძენა, დაგეგმვა და შესრულება. ჩვენ ვუმარტივებთ მომხმარებელს ცხოვრებას,რადგან გვერდს უვლიან რემონტისგან გამოწვეულ დისკომფორტს“-აცხადებს კურტანიძე.

კომპანია chela Art Space 2013 წლიდან ოპერირებს.