Inn Group: კოვიდ სასტუმროში 200 ნომრიდან მხოლოდ 20-ია დაკავებული
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ზამთრის კურორტებზე (ბაკურიანში და გუდაურში) ჯგუფის ორი სასტუმრო იმ პერიოდში გაჩერდა, როდესაც ყველაზე დიდი აქტივობით ხასიათებოდა და ყველაზე დიდი შემოსავლის მომტანი იყო, ეს კი კომპანიისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.
ერეკლე კოკაიას განცხადებით, კომპანიამ ამ დროისთვის ვერ შეძლო თანამშრომლების სრულად შენარჩუნება და ისინი უხელფასი შვებულებაში გაუშვა.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის მუშაობს ჯგუფის მხილოდ ორი სასტუმრო, რომელიც კოვიდ სასტუმროდ და საკარანტინე სივრცედაა გადაკეთებული.
Royal Inn-ი არის კომერციული საკარანტინო ზონა იმ უცხოელებისთვის, ვინც საქართველოში შემოვა, კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშაობს Iveria Inn-იც.
„თუმცა გამოყენება არ აქვს. მე წინასწარ ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ კოვიდ სასტუმროს არსებობას აზრი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად გამოიყენებდნენ. დღეს კი 200 ნომრიდან მხოლოდ 20 ნომერია დაკავებული“, - აცხადებს კოკაია.
როგორც Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ორი სასტუმროდან მიღებული შემოსავალი ვერ აკომპენსირებს ხარჯს. „20 ნომერი ვერ ისტუმრებს 200 ნომრიანი სასტუმროს ხარჯებს,“ - აცხადებს კოკაია.
Inn Group-ი საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.
რაც შეეხება შეზღუდვებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვეა დახურულია სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები. 2021 წლის 1 თებერვლიდან კი აღდგენილია რეგულარული ფრენები.