ბიზნესი
26/10/2023

Inex Group - "საახალწლო პერიოდში ამანათების რაოდენობის 200-300%-იან ზრდას ველოდებით"

საახალწლო პერიოდში ამანათების რაოდენობის 200-300%-იან ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მ Inex Group-ის HR მენეჯერმა მარიამ ხუციშვილმა  განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ შავი პარასკევიდან დაწყებული, რომელიც ნოემბრის ბოლოს არის - ახალი წლის ბოლომდე, ყველა ქვეყანაში მაღალი ფასდაკლებებია. სხვადასხვა კომპანიები მომხმარებლებს  მრავალფეროვან პროდუქციაზე აქციებს სთავაზობენ, შესაბამისად, ონლაინ ვაჭრობა აქტიურდება, რაც ამანათების რაოდენობაზეც მყისიერად აისახება.

მარიამ ხუციშვილი ზოგად ტენდენციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ Inex Group-ის შემთხვევაში, პანდემიის შემდგომ, ამანათების რაოდენობა მუდმივად მზარდია.

„ქვეყნების მიხედვით რომ გითხრათ, ამერიკიდან, ჩინეთიდან, საბერძნეთიდან ფაქტობრივად, გამორმაგებულია ამანათების რაოდენობა. გაზრდილია მათი რიცხვი თურქეთიდანაც. სტატისტიკური მაჩველებლების გაუმჯობესების მიზეზი ის არის, რომ ყოველ წელს უფრო პოპულარული ხდება ონლაინ გამოწერები, გარდა ამისა, ლარიც შედარებით დასტაბილურდა და ტარიფებზე დიდად გავლენას ვეღარ ახდენს. გარდა ამისა, საფოსტო კომპანიები ყოველ ჯერზე ვაუმჯობესებთ სერვისებს და ახალ მიმართულებებს ვამატებთ“, - განმარტა მარიამ ხუციშვილმა.

მისი თქმით,  Inex Group-ის მაგალითზე, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული ამანათები და პერსონალური გზავნილები შემოდის.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველ 9 თვეში, ქვეყანაში 7.5 მილიონზე მეტი ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული ამანათების რაოდენობა 5 მილიონამდე იყო. საქართველოში გამოგზავნილი  საფოსტო ამანათების რაოდენობით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ - თურქეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი და იტალია.

 

Businesspartner