Inex Group: ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან.
კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.
„ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის მიმართულებაზე. ამის ძირითადი მიზეზი ავიაკომპანიების მხრიდან გაზრდილი ხარჯები იყო. ასევე გაძვირებულია არაერთი მომსახურება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ჩვენ წლის განმავლობაში ჩინეთის მიმართულებით ტარიფების რამდენჯერმე დაკორექტირება მოგვიწია. თუმცა, ახლა ვითარება შედარებით დასტაბილურებულია. ბოლოს ტარიფი ნოემბერში გაიზარდა. მომდევნო ზრდას ჯერჯერობით არ ველით, თუ ავიაკომპანიების მხრიდან რამე არ შეიცვალა. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2022 წელს არსებულ ტარიფებს შევინარჩუნებთ. სხვა მიმართულებები ფაქტორბივად, არ გაგვიზრდია. მხოლოდ ბრიტანეთში მოგვიწია მცირედით დაკორექტირება. არის მოლოდინი, რომ ეს ტარიფები შემცირდეს და კლებისკენ წავიდეს, თუმცა ისევ და ისევ დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, განსაკუთრებით საავიაციო საწვავის ფასებზე. ჩინეთის მიმართულებით დაახლოებით 50-60%-ით გაიზარდა ფასები. 2019 წელს 1 კგ. ტვირთის ღირებულება $7.5 იყო, ხოლო ახლანდელი ფასი $12.5-ია“,- განაცხადა კაპანაძემ.