იმპორტირებულ მედიკამენტებზე კურსთა შორის სხვაობის სუბსიდირების საჭიროებაა - ასოციაცია
ფარმაცევტული ინდუსტრია ლარის გაუფასურების შედეგად წარმოქმნილ სიძნელეებზე საუბარობს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით ამის დაბალანსებას მოახდენს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა, თუ სახელმწიფო მოახდენს კურსთა შორის სხვაობის ნაწილობრივ სუბსიდირებას, ეს ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯი იქნება.
„მუდმივად საუბარია იმაზე, რომ თურქეთში მედიკამენტები იაფია. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ თურქეთის მთავრობამ მედიკამენტების იმპორტიორებს შეღავათიანი ვალუტის კურსი შესთავაზა, ანუ მედიკამენტის შესყიდვის დროს კურსთა შორის სხვაობას ფარავს სახელმწიფო. იმ ქვეყანაში სუბსიდირება მოხდა არამარტო წამლების, არამედ გაცვლითი კურსის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის შეთავაზება ამ დროისთვის საქართველოში არ ყოფილა,“ - აცხადებს მარგველაშვილი.