ბიზნესი
23/12/2020

იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ასოციაცია შეიქმნა

კომპანია ENKA-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია - „რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“ დაარსდა.

როგორც ცნობილია, ENKA, რომელიც წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროექტის არეალში არსებულ სოფლებში მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. კომპანიის ამ პოლიტიკის ფარგლებში ახლადდაფუძნებული ასოციაციის ძირითადი ბენეფიციარი მევენახეობით, მეღვინეობითა და მეფუტკრეობით დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

„ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ძირითადი ინვესტორი ENKA მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიად არის აღიარებული. ჩვენს საქმიანობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გვაქვს დანერგილი. ეს ეხება როგორც სამშენებლო პროცესსა და უსაფრთოების მაღალი დონის უზრუნველყოფას, ასევე მდგრად განვითარებაზე ზრუნვას, რაც  მათ შორის საპროექტო არეალებში მრავალი სოციალური პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ნამახვანის პროექტი საქართველოში ჩვენი კომპანიისთვის რიგით მეორეა - 2014-2020 წლებში გარდაბანში, წალკასა და ახალციხეში წარმატებით განვახორციელეთ სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი (SCPX), რომელშიც ENKA გენერალურ კონტრაქტორად იყო წარმოდგენილი. იმავე პერიოდში ჩვენ მრავალი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, ძირითადი მიმართულება კი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა იყო. რიონის ხეობაში ბევრად უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს. მაგალითად, ვგეგმავთ ადგილობრივი თაფლის ექსპორტზე გატანას და ამ საკითხზე უკვე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ზეკი ქოჯაოღლუმ.

ასოციაციის შექმნით ENKA ასევე ხაზს უსვამს მის მზაობას, ითანამშრომლოს მევენახეობისა და მეღვინეობის სექტორის განვითარებით დაინტერესებულ მხარეებთან, მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონისთვის ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა ტვიშის მიკროზონის განვითარება.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ნამახვანის ჰესების კასკადი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომლის დანიშნულება ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაა. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.