ბიზნესი
21/06/2021

იანვარ-მაისში საწვავის იმპორტი პანდემიამდელ მაჩვენებელს 6%-ით აღემატება

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა. მაჩვენებელი გაზრდილია როგორც პანდემიური წლის, ასევე პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 428,5 ათასი ტონა შეადგინა, 29,6 ათასი ტონით (+7,4%) მეტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაჩვენებელი გაზრდილია 24.3 ათასი ტონით (6%) -ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404.2 ათასი ტონა) შედარებით.

საანგარიშო პერიოდში ბენზინის საწვავის იმპორტმა 217,6 ათასი ტონა, დიზელის საწვავის იმპორტმა - 210,9 ათასი ტონა შეადგინა.

კატეგორიების მიხედვით, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 142,3 ათასი ტონა (65,4%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 70,8 ათასი ტონა (32,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 4,4 ათასი ტონა(2,0%).

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 99,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,1%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 95,2 ათასი ტონა - 22,2%; რუსეთი - 93,9 ათასი ტონა - 21,9%; აზერბაიჯანი - 72,0 ათასი ტონა - 16,8%; ბულგარეთი - 44,6 ათასი ტონა - 10,4%; საბერძნეთი - 11,1 ათასი ტონა - 2,6; თურქეთი - 8,1 ათასი ტონა - 1,9%; ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა - 0,6% და სხვ.

"ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი," - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

Businesspartner