ბიზნესი
10/02/2021

იაგოს მარანი: ვისურვებდი, არ ვაწარმოებდეთ დიდი რაოდენობით ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს

„იაგოს მარნის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი  მთავრობის მიერ ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე აქცენტის გაკეთება სწორია და შესაძლოა დაგვიანებულიც კი.

მისი განცხადებით, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამოსავალი უნდა იყოს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ღვინის გაყიდვა, ხარისხის გაუმჯობესების გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია.

„ხარისხი იწყება ვენახიდან. ის პრაქტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა, მანკიერი იყო. არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ ქარხნებში ვის რა ყურძენი მიჰქონდა და რა ხარისხის იყო, არავინ იცის. შესაბამისად, ასეთი ყურძნისგან ხარისხიანი ყურძნის მიღება შეუძლებელი თუ არა ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, მთავრობის ამ მიდგომით უფრო მეტად დაფასდება ადგილწარმოშობის ზონები,“ - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

მეღვინის თქმით, საკმაოდ რთული იქნება კონტროლი ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. „ისე არ უნდა მოხდეს, რომ ფერმერს ერჩივნოს კერძო პირს მიჰყიდოს უფრო იაფად, ვიდრე ქარხანას ჩააბაროს. კონტროლის სისტემა უნდა იყოს მოქნილი, გასაგები და მარტივი, რაც მთავარია გამჭვირვალე", - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

„იაგოს მარნის“ დამფუძნებელი ქართული ღვინის ხარისხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ღვინის ხარისხი ნელ-ნელა უმჯობესდება.

„მიუხედავად ამისა, ვისურვებდი, რომ ისეთი დიდი ადგილი არ ეჭიროს ქართული მეღვინეობის წარმოებაში ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს ვინაიდან, ეს  მსოფლიო ბაზარზე მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოებად არ ითვლება. ამის მომხმარებელი მაინც არის პოსტსაბჭოთა სივრცე ან ჩინეთის ბაზარი. ეს მიმართულებები ცუდი არ არის, თუმცა, როდესაც ხარისხზე მიდის საუბარი და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაზე, შედარებით იაფიან ღვინოებით, არ მგონია, რომ ჩვენი მიზანი ეს იყოს,“ -აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში გაშენებული ვენახი აქვს. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ.  "იაგოს მარანი" წელიწადში დაახლოებით  5000-6000 ბოთლ ღვინოს ასხავს. ღვინოს კი ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში აყენებს.

შეგახსენებთ, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.

ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ამასთან, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე.