იაგოს ღვინო: “სირთულეების მიუხედავად გაყიდვები არ შემცირებულა“
„იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი პანდემიის პირობებში ღვინის რეალიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სირთულეების მიუხედავად გაყიდვების მაჩვენებელი არ შემცირებულა.
„ჩემგან ვისაც გააქვს ღვინო, მათ დასჭირდათ საჭიროზე მეტი დრო, რადგან ყველა ქვეყანაში მოულოდნელი იყო პანდემია და გადაწყობა მოუწიათ. მაგალითად, თუ აქამდე არ ჰქონდათ მიწოდების სერვისი და ღვინოს მხოლოდ ბარში და რესტორანში ყიდიდნენ, ახლა ონლაინ მიმართულება აამოქმედეს. ამას კი გარკვეული დრო დასჭირდა“-აცხადებს ბიტარიშვილი.
კომპანია ერთი დასახელების ღვინოს, ჩინურს აწარმოებს და სრულად ექსპორტზე ყიდის. იაგო ბიტარიშვილი აცხადებს, რომ საექსპორტო ქვეყნებს ამ დროისთვის 11 ქვეყანა წარმოადგენს.ესენია:იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია, ჰოლანდია,ესპანეთი, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ.
იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში გაშენებული ვენახი აქვს. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ. "იაგოს მარანი" წელიწადში დაახლოებით 5000-6000 ბოთლ ღვინოს ასხავს. ღვინოს კი ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში აყენებს.