ბიზნესი
24/02/2021

ჰუალინგის თიზ-ში ავეჯის სერიული წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება

ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავეჯის სერიული წარმოება 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. როგორც  „ბიზნესპარტნიორს“ ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, პანდემიის გამო პროექტის განხორციელება დროში გაჭიანურდა.

„სპეციალისტების, სუპერვაიზორების ჩამოსვლა ჭირს, შემცირებულია სამომხარებლო კალათა, ჩვენზეც ისახება პანდემიური პროცესი. ყველაფერი შემცირებული და შენელებულია. ამჟამად მიმდინარეობს პროდუქციის სატესტო რეჟიმში წარმოება. ქარხანაში სრულად დასრულებულია მანქანა-დანადგარების მონტაჟი“-აცხადებს ნიბლაძე.

ავეჯის თანამედროვე ქარხანა, რომელიც 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს, ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავეჯის წარმოებასა და მის ექსპორტზე იმუშავებს. მათ შორის იქნება აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ბაზრები. ჯამში პროექტში 500-ზე მეტი  ადამიანის დასაქმება იგეგმება.

როგორც ნიბლაძე აღნიშნავს, ავეჯის წარმოების პროექტში  5-6 მილიონი  დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.

 

 

ფოტო: woodworking-machinery.manufacturers.best