ჰუალინგის თიზ-ი მზადაა მეწარმეებს შენობა-ნაგებობები შეღავათიანი პირობებით დაუთმოს
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ მზად არის თიზ-ში არსებული შენობა-ნაგებობები და არსებული ინფრასტრუქტურა დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტებს არაკომერციული პირობებით შესთავაზოს.
მისი განმარტებით, ეს დიდი ხელშეწყობა იქნება ადგილობრივი წარმოებისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც ბიზნესი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„მზად ვართ როგორც ადგილობრივ საწარმოებს, ისე ერთობლივ საწარმოებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი საქართველოში სამრეწველო პროექტები განავითარონ, მნიშვნელოვანი საშეღავათო პირობებით გადავცეთ შენობა-ნაგებობები, ინფრასტრუქტურა, რათა დავეხმაროთ მათ თავიანთი პროექტების სწრაფად ორგანიზებასა და პროდუქტების სწრაფ რეალიზებაში. შეღავათებში იგულისხმება მორატორიუმები, შენობა-ნაგებობის იჯარა, კომუნალური უზრუნველყოფები, სხვადასხვა ტიპის სერვისი, რაც საოპერაციო თვალსაზრისით მათთვის მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ნიბლაძე.
კითხვაზე, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა შეღავათით მოსარგებლზე ქართულ კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდონ პროდუქცია, ნიბლაძე განმარტავს, რომ უპრობლემოდ, თუმცა თიზ-ში წარმოებული პროდუქცია საქართველოში გაყიდვისას 4%-იანი გადასახადით დაიბეგრება, ეს კი აბალანსებს იმ შეღავათს, რაც თიზ-ის კომპანიებს მოგებისა და დივიდენდის გადასახადებისგან ათავისუფლებს.
როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.