ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 22 ჰექტარით ფართოვდება
2021 წელს ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაფართოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, დაგეგმილია თიზ-ის ტერიტორიის დამატებით, 22 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისება.
ამ დროისთვის ჰუალინგის თიზ-ი გაფართოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებს.
„თიზ-ის არსებული შენობა-ნაგებობების პოტენციალი თითქმის ბოლომდე ათვისებულია. ხელშეკრულებებია გაფორმებული სხვადასხვა კომპანიასთან, სხვადასხვა პროექტზე და განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება თიზ-ი გავაფართოვოთ, შედეგად, კომპანიებს დამატებითი კომფორტი და უკეთესი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ.
საკითხი სამინისტროსთან შეთანხმებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების შეთანხმება. ეს არის ჩვენივე ტერიტორია, საკუთრებაში გვქონდა დამატებით 36 ჰექტარი მიწის ნაკვეთი,“ -აცხადებს ნიბლაძე.
მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი ჯამში 58 ჰექტარი იქნება, სადაც განთავსდება ისეთი უნიკალური საწარმოო დანიშნულების შენობები, რომელიც საქართველოში არ არსებობს.
“ეს ყველაფერი განკუთვნილი იქნება იმისთვის, რომ როგორც უცხოელ ინვესტორებს, ისე ქართველ მეწარმეებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დამატებითი კომფორტები მივცეთ, ეს ყველაფერი კი კომერციულად გამართლებულ ფასებში,“ - აცხადებს ნიბლაძე.
რაც შეეხება ინვესტიციის ოდენობას, რომლის განხოციელებასაც ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი გეგმავს, ნიბლაძე განმარტავს, რომ ზონას ვალდებულება ჰქონდა სახელმწიფოსთან, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. მისი ინფორმაციით, ეს ვალდებულება და გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული, ამის შესახებ არსებობს აუდიტორული დასკვნაც, რომელიც ეკონომიკის სამინისტროშია წარდგენილი.
ნიბლაძე აცხადებს, თიზ-ის ფუნქციონირების დასრულებამდე დაგეგმილია დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხის ინვესტირება.
როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.