ბიზნესი
20/01/2021

HoReCa სექტორს სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ 30 მლნ-მდე დავალიანება დაუგროვდა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ინფორმაციით, ჰორეკა სექტორს დისტრიბუტორებისა და მწარმოებლების მიმართ დავალიანება 30 მილიონამდეა. ივა ჭყონია აცხადებს, რომ ვითარების დასტაბილურება მთავრობას ზაფხულში შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

„HoReCa სექტორს ჩვენ მიმართ 30 მილიონამდე დავალიანება აქვს. როგორც მწარმოებლების, ასევე სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ. აპრილში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოუწოდებს, ისწავლეთ კოვიდთან თანაცხოვრებაო, ჩვენ რა გვასწავლეს საერთოდ? რა გააკეთა ჩვენმა მთავრობან და რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა? მიმართავენ ყველაზე მარტივ ხერხს, ჩაკეტვას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დროულად გადაეგდათ ნაბიჯები, რომ არ ვყოფილიყავით იმ მძიმე სიტუაციაში, რომელიც დღეს არის. აპრილიდან მოყოლებული ეს პერიოდი და ის თანხა, რომელიც გამოიყო, სესხი ავიღეთ და ისიც ჩვენი გადასახდელია, რაშია დახარჯული?! ჩაკეტვა არ არის გამოსავალი. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ბიზნესმა ანახა, თუ როგორ მართა სიტუაცია, ძალიან სწორად, პასუხისმგებლობით. ფაქტია, რომ ამის შემდეგ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალი არ ყოფილა, პირიქით. ზაფხული ძალიან კარგი პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ, დასასვენებლად გამოიყენეს“,- განაცხადა ჭყონიამ.