ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვა - კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაცია ფარმაინდუსტრიაზე
კონკურენციის სააგენტომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. დოკუმენტი უწყების ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
„ბიზნესპარტნიორი“ გაგაცნობთ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომელიც კონკურენციის სააგენტომ მთავრობას წარუდგინა.
ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია - მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილი არიან ქსელური აფთიაქებით (ჰორიზონტალური ინტეგრაცია), თავად ახორციელებენ პროდუქტის იმპორტს, წარმოებას და საბითუმო მიწოდებას (ვერტიკალური ინტეგრაცია),ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს.
აღნიშნული კონკრეტულ ჰოლდინგურ ჯგუფს/ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიოს/იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე და რის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნეს ინტერესებს.
ამგვარი ინტეგრაცია ევროპის რიგ ქვეყნებში - მათ შორის ქსელური აფთიაქების ფლობაც კი აკრძალულია, თუმცა არსებობს შედარებით რბილი მიდგომაც, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში და ა.შ.
სააგენტო თვლის, რომ მედიკამენტების ბაზარზე რეგულირების 2 ძირითადი მიმართულება არსებობს: 1. ფასების პირდაპირი რეგულირება ან/და 2. ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაქსიმალური კონკურენციის უზრუნველყოფა და შედეგად გენერიკების წილის ზრდა ბაზარზე. სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ მეორე მეთოდი მეტად ეფექტიანია. გენერიკების ფართო მოხმარებითა და პოპულარიზაციით მიიღწევა მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული,მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება - წარმოადგენს ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფისა და გენერიკების საბაზრო წილის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საშუალებას;
გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება - სასურველია რეცეპტის/დანიშნულების დონეზე ძირითად გენერიკთან ერთად მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი.
„თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა - ევროპის 15 ქვეყნიდან, ე.წ. „თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა“ მოქმედებს მხოლოდ 3 ქვეყანაში - გერმანია (მხოლოდ ახალი აქტიური ნივთიერების ავტორიზაციის პირველ წელს), დანია, გაერთიანებული სამეფო. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის რეგულირების სხვადასხვა კომბინირებულ მეთოდებს, როგორიცა External reference pricing, Internal reference pricing, Volume based pricing და ა.შ.
სააგენტოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ირკვევა, რომ ფასწარმოქმნა გენერიკულ მედიკამენტებზე და ასევე იმ მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ქვეყანაში ხდება გენერიკული დასახელებით და საცალო ბაზარზე შემდეგში ხელმისაწვდომია კონკრეტული სავაჭრო დასახელებით, შესაძლოა იყოს პრობლემური. საკითხის აქტუალურობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გენერიკულ მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ამ მიმართულებით სასურველია ფასის რეგულირების ევროპული პრაქტიკის გაზიარება.
ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა - სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე;
ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შესაძლო უარყოფითი შედეგების კონტროლი - დეტალურად გაიწეროს ფარმაცევტის და მედიკამენტების საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის ვალდებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი კონკურენტული გარემო.
GMP სტანდარტის შემოღება - სააგენტოს პოზიციით, GMP სტანდარტი აუცილებელია მოქმედებდეს ბაზარზე მედიკამენტების დაშვების ორივე დონეზე - წარმოება, იმპორტი.
მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულებს ერთიანი სისტემის დანერგვა - წარმოადგენს დარგის მარეგულირებლის მიერ ბაზრის კონტროლის ეფექტიან საშუალებას.
რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა - საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთობა, რომლის შედეგადაც რეცეპტის/დანიშნულების გამოწერაზე პასუხისმგებელი პირი იღებს ნებისმიერ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომი დარგის მარეგულირებლის ვებ გვერდზე. ამისათვის კი უნდა შეიქმნას შესაბამისი ანგარიშგების სისტემა და ინფორმაციის წარდგენის სავალდებულო მექანიზმი დარგის მარეგულირებლისთვის.