ბიზნესი
25/03/2023

Hobby Georgia კოლექციის გაფართოებას გეგმავს

ხელნაკეთი ჩანთების მწარმოებელი კომპანია, Hobby Georgia კოლექციის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინა ლონდარიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბრენდმა სულ ახლახანს თბილისში ახალი საგამოფენო სივრცე გახსნა, ხოლო უახლოეს მომავალში რეგიონებში, ქუთაისსა და ბათუმში ახალ საგამოფენო სივრცეებს დაამატებს, სადაც მომხმარებელს კოლექციის დათვალიერება და შეძენა შეეძლება.

„კოლექციაზე საახალწლო პერიოდში ფასები 5-6 ლარით გავზარდეთ, რაც განპირობებული იყო  ნედლეულზე ფასების ზრდით, ასევე მოგვიწია ხელფასების გაზრდა ჩვენი თანამშრომლებისთვის, რადგან ქვეყანაში პროდუქტების ფასი გაიზარდა და გვინდოდა ჩვენს თანამშრომლებს ადექვატური ხელფასი ჰქონოდათ. ახლა კი, როდესაც ნედლეულის ფასი იკლებს, ჩვენს მომხმარებელს ფასდაკლებები შევთავაზეთ,“ -აღნიშნავს ნინა ლონდარიძე.

ბრენდის დამფუძნებელი  აცხადებს, რომ ხელნაკეთი ჩანთების გარდა, ისინი მეორე მიმართულებით, მსხვილ კომპანიებთან და სკოლებთან  მუშაობენ. მისი თქმით, კორპორატიული კუთხით, წარმოების დიდი გამოცდილება დაუგროვდათ,  აქედან გამომდინარე, სამომავლოდ გეგმავენ მომხმარებელს ტანსაცმლის ხაზი შესთავაზონ, რომელიც მოიცავს სპორტულ ტანსაცმელს, ჰუდებს, შარვლებს და სხვა.

ლონდარიძის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ბრენდს საკმაოდ დიდი წარმადობა აქვს, ეს საკმარისი არ არის საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. ამიტომ კომპანია ცდილობს წარმადობის მეტად გაზრდას და შემდეგ უკვე საზღვარგარეთ ოპერირებას.

შეგახსენებთ, ხელნაკეთი ჩანთების მწარმოებელი კომპანია Hobby Georgia ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.

 

 

Businesspartner