ბიზნესი
14/10/2020

HIPP-ი საქართველოში ბიოპროდუქტების წარმოებისთვის ხეხილის ბაღებს გააშენებს

ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ი საქართველოში ბიოპროდუქტებისთვის ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღანელმა ვასილ ახვლედიანმა განაცხადა, ამისთვის HIPP-მა საერთაშორისო სერთიფიკატი უნდა აიღოს.

ახვლედიანის ინფორმაციით, პროცესი მსოფლიოსა და ქვეყანაში არსებულმა ეპიდსიტუაციამ შეაფერხა. პროექტის ირგვლივ მუშაობა გრძელდება, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ბიოწარმოებაზე გადასვლის პროცესი, უცნობია.

მისი განცხადებით, ამჟამად კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ ნიქოზში 80 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. სწორედ ამ ტერიტორიაზე იგეგმება ბიოწარმოების დაწყებაც. ამ ეტაპზე კომპანიას სხვადასხვა დასახელების ბოსტნეული მოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა როგორც ახვლედიანი აცხადებს, ეს პროდექცია ბიო არ არის.

პროექტის ფარგლებში იგეგმება გადამუშავებული ხილის ექსპორტზე გატანა, ხოლო ხილ-ბოსტნეულის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა. პროექტში 200 000-300 000 ევროს ინვესტირება იგეგმება.

კომპანიის საკუთრებაშია ქარხანა, რომელიც  ბავშვთა კვებისთვის ნედლეულს ამუშავებდა და ექსპორტზე გაჰქონდა. ეს მიმართულება რამდენიმე წელია საკმარისი ნედლეულის არ არსებობის გამო შეჩერებულია.