Hilton Garden Inn: პასკის რეალიზაციაზე გაზრდილი ფასი არ მოქმედებს
რუსეთ-უკრაინის ომი, სხვა ბევრი ბიზნესის მსგავსად, გამოწვევეა აღმოჩნდა პასკის მწარმოებლებისთვისაც. როგორც ისინი ამბობენ, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, საჭირო ნედლეული მნიშვნელოვნად გაუძვირდათ და 2022 წელთან შედარებით, პასკის ფასების დაკორექტირება მოუწიათ.
როგორც Hilton Garden Inn-ის კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა ახალაია "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანია დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე.
"ომის გამო, საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული საკმაოდ გაძვირდა, შესაბამისად, ჩვენმა მომწოდებლებმაც გაზარდეს ფასები. ომამადეც, პასკისთვის საჭირო მასალები სააღდგომოდ ისედაც ძვირდებოდა, განსაკუთრებით კი სანელებლები და კვერცხი. ამიტომ, თუ წინა წელს ჩვენი პასკა საშუალოდ 30 ლარი ღირდა, წელს მისი ფასი 45 ლარია, ეს კი პირდაპირ კავშირშია ნედლეულის ფასთან“, - აღნიშნავს თეონა ახალაია.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, პასკის რეალიზაციის მაჩვენებლები წლიდან წლამდე მზარდია. ყოველწლიურად იზრდება მწარმოებლების რიცხვიც და სააღდგომოდ, პასკას მსხვილი კომპანიების გარდა, უკვე მცირე ზომის საცხობები, რესტორნები და კაფეებიც აცხობენ. შედეგად, ბაზარზე, მაღალი კონკურენციაა.
„1-ლი აპრილიდან ჩავუშვით გაყიდვაში ჩვენი პასკა. მოთხოვნა მაღალია როგორც ინდივიდუალური შეკვეთების, ისე კორპორატული შეკვეთების მხრივ. ამიტომ, წინა წელთან შედარებით წელს ველოდებით გაყიდვების 50%-იან ზრდას“, - აღნიშნა თეონა ახალაიამ.
მისივე განმარტებით, პასკაზე მოთხოვნა აღდგომის შემდგომ პერიოდშიც, ინერციით, კიდევ რამდენიმე კვირა ნარჩუნდება. შესაბამისად, ისინი მიწოდებას მოთხოვნის შესაბამისად გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, სასტუმრო Hilton Garden Inn Chavchavadze-ს ბაზაზე ამავე სახელწოდების საკონდიტრო ფუნქციონირებს, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ტკბილეულის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.