"ჰერბიას" გაყიდვები ყოველწლიურად 30%-ით იზრდება
მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბიას“ გაყიდვები ყოველწლიურად 30%-ით იზრდება. როგორც კომპანიის დირექტორმა ზურაბ ჯანელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, პანდემიის დაწყების პირველ წელს იყო ყველაზე მაღალ ნიშნულზე ჩვენი გაყიდვები. ზოგადად კი, ჩვენი ბაზარზე არსებობის პერიოდში, კომპანიის წარმოება და შესაბამისად რეალიზაცია თუ არ ორმაგდება, 1/3-ით მაინც იზრდება.“-აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, კომპანიამ ექვსი თვის წინ ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა. პროდუქტი ჯერ-ჯერობით ქსელური მაღაზიებიდან მხოლოდ „კარფურსა“ და „გუდვილშია“ წარმოდგენილი.
„მოთხოვნა საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, დაჭრილ მწვანილსაც ყავს შესაბამისი კატეგორიის მომხმარებელი. ეს პროდუქტი შეიქმნა იმისთვის, რომ დიასახლისებისთვის საჭმლის მომზადების პროცესი გაგვემარტივებინა, ამ ეტაპზე გვაქვს დაჭრილი ოხრახუში, ნიახური, ქინძი, სალათის მიქსი, თუმცა ასორტიმენტის გაზრდაზე ვმუშაობთ. მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და მოთხოვნის შესაბამისად, დავამატებთ ახალ პროდუქციას.
თუმცა, დღეს მოთხოვნა გაიზრადა და ხვალ უკვე შევძლოთ მისი დაკმაყოფილება, ეს ასე არ ხდება. აქ წარმოების სრული ჯაჭვი უნდა მიყვეს პროცესს. პირველადი წარმოებიდან დაწყებული დისტრიბუციით დასრულებული,“-აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.
ინფორმაციისთვის, წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმო 30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და დასაქმებული ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.