ბიზნესი
19/04/2023

გზა, რომელიც სამოთხეში მიგიყვანთ

საქართველოს რომ უდიდესი ტურისტული რესურსი გააჩნია, ამაში კიდევ ერთხელ ღრმად დარწმუნდებით, ულამაზეს მხარეს მაღალმთიან თუშეთს თუ ესტუმრებით.  

თუ  გსურთ ბოლომდე შეიგრძნოთ თუშეთის კულტურა და ტრადიციები, ეზიაროთ ამ კუთხის შვილების საინტერესო ყოფა-ცხოვრებას და თან უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობდეთ თავს თავგადასავლებით სავსე აბანოს უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე, თქვენს გრაფიკს გადახედეთ და მერე ტურები თუშეთში-ს დამფუძნებელს და მმართველს, გოჩა ბუქვაიძეს, დაუკავშირდით.

კომპანია ტურები თუშეთში უკვე 11 წელიწადზე მეტია რაც ბაზარზეა და მომხმარებელს თუშეთის ტურების სრულ პაკეტს  სთავაზობს:

  • ტრანსპორტირება კომფორტული ავტომობილებით და გამოცდილი მძღოლებით
  • განთავსება სოფელ შენაქოში საოჯახო სასტუმროში
  • კვება, ადგილობრივი კერძებით გამასპინძლება
  • ტურები, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მონახულება

ამ ყველაფერს თავად გოჩა უზრუნველყოფს, გიდის და მძღოლის როლშიც იხილავთ მას და ტურის სრულად ორგანიზებასაც შემოგთავაზებთ. გოჩა ადგილობრივია, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საკუთარი კუთხის ისტორიას, ის  შენაქოს მკვიდრია და სწორედ მამა-პაპისეულ ლამაზ, ტრადიციულ, თუშურ სახლში გიმასპინძლებთ, სადაც თითოეული დეტალი სტუმარზე არის გათვლილი, შეძლებისდაგვარად კომფორტიცაა შექმნილი და თან ძალიან მყუდრო და ოჯახურ გარემოშიც მოხვდებით, სადაც  გოჩას ოჯახი გიმასპინძლებთ, უგემრიელეს ადგილობრივ კერძებსაც თავად მოგიმზადებენ და ბევრ საინტერესო ამბავსაც მოგიყვებიან  თუშური ყოფა-ცხოვრებიდან. 

მათთან სტუმრობისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ თანამედროვეობაშიც შესაძლებელია ავთენტურობის შენარჩუნება და ბუნებასთან ჰარმონიაში თანაცხოვრება. კლდეში გამოჭრილი სასადილო სივრცე, ფიქალი ქვით  და მშრალი წყობით ნაგები კედლები და ყოველ კუთხეში თუშური ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთები ამ შეგრძნებას გიმძაფრებენ და ულამაზესი მზის ჩასვლის თუ ამოსვლის ფონზე   საკუთარი ხელით შეგროვებულ ბალახეულობის ჩაისაც თუ მიირთმევთ, დაგავიწყდებათ, რომელი ეპოქის შვილი ხართ სინამდვილეში.

გოჩა უკვე რამდენიმე წელიწადია BPN Georgia-ს სემინარების ერთგული მსმენელია და ახლა უკვე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის მონაწილეც, რომლის ფარგლებში ის, როგორც კი აქტიურ სეზონს დაასრულებს, არაერთ ბიზნეს სემინარს ესწრება, იღებს ინდივიდუალურ კონსულტაცია-ქოუჩინგებს, რათა კიდევ უფრო გამართული და მდგრადი ნაბიჯები გადადგას საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

BPN Georgia-ს წარმატებას უსურვებს გოჩას და ტურები თუშეთში-ს!

Businesspartner