გურამ ბაღდოშვილი: რესტორნების სუბსიდირება რეგიონებზეც უნდა გავრცელდეს
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მერიის ინიციატივა სარესტორნე ბიზნესის სუბისიდირებაზე ზღვაში წვეთია, თუმცა დასაფასებელია.
„ჯერ-ჯერობით მსჯელობა მიდის როგორ უნდა გააკონტროლონ, როგორ უნდა დაითვალონ მინიმუმ 20 სკამი და მაქსიმუმ 80 სკამი რესტორანში. იმედია, დახვეწენ ამ ინიციატივას და ყველას ერგება თანხის გარკვეული ნაწილი. ჩემთვის სამწუხარო ის არის, რომ მხოლოდ დედაქალაქია ამ ინიციატივაში და არ არის რეგიონები. ვფიქრობ, ყველას აქვს უფლება მიიღოს დახმარება, საქართველო ერთიანი უნდა იყოს და არ უნდა იყოს დაცალკავებული,“ - აცხადებს ბაღდოშვილი.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის სუბსიდიების მისაღებად საჭირო კრიტერიუმები.
შეგახსენებთ, დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ის ინიციატივა განუმარტა, რომელიც დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.
მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა.
„პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა იმ დარგებს, რომლებიც დამოკიდებულია ტურისტულ ნაკადებზე. თბილისის სარესტორნო ბიზნესი არის ის დარგი, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიიღო პანდემიიდან გამომდინარე. თბილისის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან და რამდენიმე ღონისძიება გაატარა, მათ შორის, საიჯარო ქირების მოხსნასთან თუ მუნიციპალური სივრცეების დათმობასთან დაკავშირებით, რომ გარეთ გამოეტანათ მაგიდები და სკამები. ცენტრალურ დონეზე მოხდა სესხის სუბსიდირება პროცენტის ნაწილში. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომ გაიზიარა ეს ინიციატივა, რომელიც წამოვიდა მცირე და საშუალო რესტორნებიდან. ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ეს ინიციატივა ითვალისწინებს 5000-ლარიან ვაუჩერს, რომელიც გადაეცემა თბილისში არსებულ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.