ბიზნესი
08/03/2021

გურამ ბაღდოშვილი: კომენდანტი 00:00 საათამდე თუ არ გადაიწევს, ეკონომიკა ვერ გაიზრდება

სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.

„ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს ბაღდოშვილი.

ბაღდოშვილი აცხადებს, რომ თუ ე.წ კომენდანტის საათი მინიმუმ 00:00 საათამდე არ გადაიწევა, ამ გახსნას რეალური ეფექტი ვერ ექნება და ეკონომიკა ვერ გაიზრდება. მისი აზრით, კომენდანტის საათის გადაწევის შემთხვევაში, კიდევ არის შესაძლებლობა ადამიანმა 1 საათით რესტორანში ივახშმოს.

“ჩვენ ძირითადად გარე სივრცეები გვაქვს, გავხსენით 15 თებერვალს, როგორც კი ამის უფლება მოგვცეს, ეს კი რეალურად ხარჯს ზრდის, უფრო და უფრო იმიტომ, რომ კომუნალურების გაძვირებამ ჩვენს სექტორს უფრო დიდი ზიანი მიაყენა. ახლა ჩვენი გათბობა ელექტროენერგიაზეა, შესაბამისად, ხარჯი კიდევ უფრო გაგვეზარდა. 15 თებერვლიდან გახსნილი რესტორანი პრაქტიკულად ისევ ინახავს პერსონალს, თავის ხარჯებს. გაგრძელდება თუ არა იგივე? კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რამე გვეშველოს, რადგან საღამო პრაქტიკულად შემცირებულია, რადგან ადამიანები 19:00 საათამდე მუშაობენ, ამის შემდეგ საცობების გამო ისეთი გადატვირთულია ქალაქი, რომ ფიზიკურად ვერ მოაღწევენ რესტორანამდე და მერე სახლამდე.

ოფისები და დაწესებულებები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეა, სანამ სამსახურიდან მარცხენა სანაპიროზე გადმოვლენ და მერე სახლში დაბრუნდებიან, კომენდანტის საათიც დგება. რისკი მაღალია რომ სახლში ვერც მივიდნენ 21:00 საათამდე, ამიტომ არ უღირთ“-აცხადებს ბაღდოშვილი.

შეგახსენებთ, რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას, შაბათ-კვირის გარდა, დღეიდან განაახლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება.

რესტორნებმა შიდა სივრცეებში სტუმრების მიღება ბათუმში პირველი მარტიდან განაახლეს, დღეიდან კი შეზღუდვა მთელი საქართველოს მასშტაბით იხსნება. შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.