ბიზნესი
15/07/2020

Group Anaklia-მ თვალის წვეთების და ბუნებრივი კალცის წარმოება გადადო

კომპანიამ Group Anaklia სამეგრელოში მინი ქარხნის მშენებლობა 2021 წლამდე გადადო. საქმე ეხება, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურზე, სადაც  კომპანია 500 000 დოლარის ინვესტიციას გეგმავს. საუბარია კოსმეტიკური საშუალებების, თვალის წვეთების და ბუნებრივი კალცის აბების წარმოებაზე.

Group Anaklia  პროექტის განხორციელებას წელს გეგმავდა, თუმცა, ვიდრე ადგილზე არ დასრულდება ჰესის მშენებლობა, რომლის შედეგაც  რეგიონს 24 საათიანი ელექტრომომარაგება ექნება, ქარხნის ამოქმედებას აზრი არ აქვს.

„ამ ლოკაციაზე მდებარეობს ჩვენი ჭაბურღილიც. ქართული ინვესტიციით შენდება მცირე ჰიდროელექტროსადგური. სხვანაირად იმ ადგილზე კერძო კომპანია დენს ვერ აიყვანს, ასტრონომიულ თანხებზე იქნება საუბარი. ამ ეტაპზე ჩვენი პროექტი ამის გამოა დაპაუზებული. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ჰესის მშენებლობა 2020 წლის დეკემბრისთვის დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება აღნიშნულ ლოკაციაზე დავიწყოთ ქარხნის მშენებლობა თუ სხვა ლოკაცია მოვიძიოთ“, - აღნიშნავს კომპანიის რეგიონული მენეჯერი ირაკლი წიფურია.

კომპანია ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში მდებარე ქარხანაში სამკურნალო წყალ „ლუგელას“ აწარმოებს.

Group Anaklia -მ საქართველოში ბიზნესპროექტების შესახებ 2016 წელს დააანონსა. მაშინ ჯგუფის პრეზიდენტი გელანი ხალუკაევი აცხადებდა, რომ მისი კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ პროდუქტებთან, მინერალური წყლის ჩამოსხმასთან და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებასთან, რომელიც ნატურალურ ინგრედიეტებზეა დაფუძნებული.

ხალუკაევი აცხადებდა, რომ კალციუმი  ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. „ლუგელას კომპონენტების გამოყენებით კი „ანაკლია გრუპი" დიდი რაოდენობით ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის გამოშვებას გეგმავდა.