ბიზნესი
07/04/2021

GRDC: ყველა ჩვენი საინვესტიციო პროექტი შეჩერებულია

თბილისი ცენტრალის მმართველ კომპანია “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას” (GRDC) რამდენიმე საინვესტიციო პროექტი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ყველა შეჩერებულია.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი განმარტავს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები უკვე სკეპტიკურად უყურებენ.

„ჩვენს ჯგუფს საქართველოში 1 მილიარდზე მეტის ინვესტიცია აქვს შემოტანილი. ეს ევროპული ინვესტიციაა და ჩვენი პარტნიორები არიან საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, თუ სხვა. ყველა საინვესტიციო პროექტი, რაც კი გვქონდა, გაჩერებულია. ეს იმიტომ, რომ პროგნოზირება ვერ კეთდება. არა თუ 10 წლიანი განვითარების, არამედ ამჟამინდელი პოლიტიკური, თუ სოციალური სიტუაციის დასტაბილურებისაც კი. ის, რაც დღეს ხდება, პირდაპირ გადაწყვეტილებას ახდენს პარტნიორების გადაწყვეტილებაზე, ინვესტირების პროცესი დაიწყონ, თუ არა. ძალიან სკეპტიკურად გვიყურებენ. რამდენიმე მსხვილ პროექტზე შეტანილი გვაქვს განცხადება, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია, რადგან გადაწყვეტილების მიმღები პირიც კი არ არსებობს. ელემენტარულ ნაბიჯს ვერ ვდგამთ დღეს. აქედან გამომდინარე, რა 10 წლიან გეგმაზე ვსაუბრობთ, ჯერ 1 და 2 წლიანზე ვისაუბროთ. იმაზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ახლა არავის აინტერესებს, რა იქნება 10 წლის შემდეგ. ეს წელი როგორ გადავიტანოთ, მაგაზეა ლაპარაკი“,- განაცხადა ყარალაშვილმა.

კომპანია GRDC-ის უძრავი ქონების ბაზარზე 2004 წლიდან არის წარმოდგენილი და არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, პროექტების ჩამონათვალში შედის "თბილისი ცენტრალი," Kokhta-Mitarbi Resort, Green Building-ი, Lisi Lake Residences.