გოცირიძის მეღვინეობა: დარგის გამოწვევა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ცოდნის ნაკლებობაა
ინტერვიუ „გოცირიძის მეღვინეობის“ დამფუძნებელ ანდრო გოცირიძესთან
- ბრენდი „გოცირიძის მეღვინეობა“ ბაზარზე წელს გამოჩნდა. რა არხებით შეძელით საჭირო ინვესტიციების მოძიება და როგო დაიწყეთ ეს ბიზნესი?
- პირველად საკუთარი ვენახი 2014-15 წლებში შევიძინეთ წინანდალში.ეს სოფელი ქართული ღვინის მეტად მნიშვნელოვანი მიკროზონა, კულტურული ცენტრი და ტურისტული მიმართულებაა. მაშინ მევენახეობას, როგორც ბიზნესს არ ვუყურებდით და არც ღვინის წარმოებას ვგეგმავდით, უბრალოდ, რადგან მამაჩემი ცნობილი მეცნიერი, საქართველოს დამსახურებული მევენახე გახლდათ, მინდოდა, ვენახი გვქონოდა, და მინიმუმ საკუთარი მოხმარებისათვის საჭირო ღვინო დაგვეწურა. გარკვეული დროის შემდეგ გავფართოვდით: ჩემმა ძმამ სოფელ ართანაში შეიძინა რქაწითელისა და საფერავის ვენახები და ახლა საერთო ჯამში 4 ჰექტრამდე ვენახი გვაქვს მფლობელობაში, რომელსაც ერთიანი ძალებით ვუვლით და ვამუშავებთ. ჩემი ძმა მეღვინეობის დოქტორია და მამის ხაზს ამ მხრივ ის აგრძელებს. მალევე გამოჩნდა, რომ ღვინის წარმოების გარეშე ვენახის მოვლა-შენახვა არარენტაბელურია. 2018 წელს საგრანტო კონკურსში – “აწარმოე საქართველოში” მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. სახელმწიფომ დაგვიფინანსა ყურძნის გადამუშავების მთელი ხაზი, ყურძნის საჭყლეტიდან დაწყებული, უჟანგავი ფოლადის ავზებით დამთავრებული და ღვინის წარმოებაც დავიწყეთ. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა კონკურსში, მაგალითად, ახალი ღვინის ფესტივალში, რომელიც მთაწმინდის პარკში იმართება ხოლმე, თუმცა 2022 წელს პირველად ვცადეთ, ჩვენი ღვინისთვის ოჯახური ბრენდის სახე მიგვეცა და მომხმარებლის წინაშე საოჯახო მარნის სახით წარვმდგარიყავით.
-რა სახის ღვინოებს აწარმოებთ და რითი ცდილობთ ღვინის მრავალფეროვან და კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას?
-ართანაში გვაქვს საფერავისა და ვარდისფერი რქაწითელის ვენახები. წინანდალში მოგვყავს რქაწითელი, რომლისთვისაც ეს ზონა საუკეთესოდ ითვლება. ასევე, იქვე გვაქვს ფრანგული ჯიში - კაბერნე სოვინიონის ორმოცდაათწლოვანი ვენახიც. ბორდოს რეგიონში კაბერნე წამყვანი ჯიშია, აქ მისგან განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინოები მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიში მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა, წინანდლის ზონაში მოყვანილი კაბერნე თავისი თვისებებით ბორდოს რეგიონის საუკეთესო ხარისხის კაბერნეს უტოლდება. კაბერნეს, ქართული ჯიშების მსგავსად, ტრადიციული კახური მეთოდით ვაყენებთ ქვევრში, ჭაჭაზე, ამის შემდგომ ღვინო გადმოგვაქვს მუხის კასრში, სადაც ის დაძველების პროცესს გადის 6-9 თვის განმავლობაში. ასეთი მეთოდი განსაკუთრებით უხდება კაბერნეს და საფერავს. ზოგადად, კაბერნეს ქვევრში მომზადება სიახლეა, რადგან საფრანგეთში თიხის ჭურჭელი, მითუმეტეს, ქვევრები არ გამოიყენება. ქვევრი კაბერნეს ბევრ ახალ თვისებას სძენს. ბორდოში, ჟირონდას დეპარტამენტში კაბერნე სოვინიონი განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ღვინოს იძლევა, მაგრამ ქვევრში, ქართული წესით დამზადებული ქართული კაბერნე არაფრით ჩამოუვარდება მის ფრანგ წინაპარს.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვენახის მოვლა და ხარისხიანი მოსავლის მიღება, შხამქიმიკატების, ჰერბიციდების ან არასწორი რაოდენობით შესაწამლი მასალის გამოყენება, მოსავლის რაოდენობაზე ორიენტირება ღვინის ხარისხზე ნეგატიურად აისახება. ჩვენ პრიორიტეტს ბიომევენახეობას და ორგანულ მეღვინეობას ვანიჭებთ, ვენახს შხამ-ქიმიკატებით არ ვწამლავთ, ჰერბიციდებს არ ვიყენებთ და მცირე, მაგრამ ხარისხიან მოსავალს ვჯერდებით, ღვინის დუღილისა და დავარგების ეტაპებზეც დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტექნოლოგიური პროცესების დაცვას. შესაბამისად, ჩვენი ღვინო არ შეიცავს შხამ-ქიმიკატებს და მოსახმარად აბსოლუტურად ჯანმრთელია. ამ პრინციპებით დამზადებული მცირე მარნის ღვინო არ გადის ქიმიურ დამუშავებას და ბოთლში ჩამოსხმის წინაც მინიმალურ ფილტრაციას ექვემდებარება,ამიტომ, ის მაქსიმალურად ინარჩუნებს საუკეთესო ორგანოლეპტიკურ თვისებებს და არომატს. მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, აქცენტს იშვიათ ჯიშებზე ვაკეთებთ, როგორიცაა ვარდისფერი და მუსკატური რქაწითელი, ფრანგული კაბერნე - სოვინიონი, თუმცა, გვაქვს ტრადიციული რქაწითელი და საფერავიც.
- როგორია წარმადობა და რეალიზაციის მაჩვენებელი?
-ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში ვახერხებთ გადავამუშავოთ მაქსიმუმ 6-7 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. წელიწადში 4-5 ათასი ბოთლი ღვინის რეალიზაცია ამ ეტაპზე სამიზნე მაჩვენებლად ჩაითვლება. იმის გამო, რომ საოჯახო ტიპის მარანს წარმოვადგენთ და მცირე სიმძლავრეებზე ვმუშაობთ, ჩვენი ღვინის შეძენა ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და ბარებშია შესაძლებელი. ასეთი ობიექტები განსაკუთრებულ აქცენტს ღვინის ხარისხზე აკეთებენ და მათი მოთხოვნაც ჩვენი მიწოდების შესაძლებლობებს შეესაბამება.
-რაც შეეხება ექსპორტს - ხართ თუ არა გასული უცხოეთის ბაზრებზე ან შედის თუ არა ეს თქვენს გეგმებში?
-ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, რადგან ბრენდი „გოცირიძის მეღვინეობა“ წელს დავაარსეთ და ვცდილობთ ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას და „გოცირიძის მეღვინეობის“ ცნობადობის ზრდას. ახლო მომავალში ვგეგმავთ დასავლური ბაზრის მოსინჯვასაც, რადგან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, როგორც ცნობილია, მზარდია.
-როგორ საფასო სეგმენტს მიეკუთვნება თქვენი პროდუქცია?
- ბიომევენახეობის წესების დაცვით დამზადებული ღვინო იაფი პროდუქტი არ გახლავთ, რადგან შეგნებულად ვჯერდებით მცირე მოსავალს. ამასთან, დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროდუქტის გარეგნულ სახესაც, რაც, ასევე ზრდის თვითღირებულებას. შესაბამისად, ჩვენი საფასო სეგმენტი საშუალო ან საშუალოზე მაღალია, თუმცა, პროდუქტის ხარისხი ამ დანახარჯს ნამდვილად ამართლებს.
- რა არის თქვენი კომპანიის და, ზოგადად დარგის გამოწვევა?
-პირველ რიგში, ალბათ პროფესიული განათლებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ცოდნის ნაკლებობას დავასახელებდი. ღვინის გაფუჭება ვენახშივე მაშინ იწყება, როდესაც ზედმეტად ან არასწორად ჩატარებული ოპერაციები მოსავალს ვნებს ან გიძვირებს, როდესაც რთვლის სწორი დაგეგმვა არ ხდება და არასაკმარის ან ზედმეტად მაღალშაქრიან მოსავალს იღებ, რაც დადუღების პროცესში სირთულეებს წარმოშობს და მეწარმე იძულებულია ან ქიმიკატები მოიშველიოს ან ზედმეტშაქრიან ღვინოს წყალი დაასხას, რადგან ზედმეტი შაქარი ღვინის დუღილს აჩერებს. სამწუხაროდ, მოიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, საბჭოთა დროიდან შემორჩენილი მიდრეკილება რაოდენობაზე მუშაობისა ჯერ კიდევ შემორჩენილია, რაც ნეგატიურად აისახება ღვინის ხარისხზე. გამოწვევაა ისიც, რომ დღეს ყურძნის ფასი არაადეკვატურად დაბალია. მევენახე საკუთარ ღვინოს თუ არ ამზადებს, წარმოუდგენელია წლიდან წლამდე ვენახის მოვლის ხარჯები დაფაროს.
-თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების გზა როგორ გესახებათ?
- გამოსავალი მცირე მარნების განვითარება და კოოპერირებაა. გლეხი ერთ საკარმიდამო ნაკვეთზე ვერასდროს მოახერხებს საკუთარი ღვინის ქარხნის, ან მარნის აშენებას, ვენახის მოვლის თუ ღვინის დაყენების პროცესების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მექანიზაციას, მაგრამ 10-15 მევენახე შეძლებს საერთო მარნის აშენება-შენახვას ისე, რომ მისი პროდუქტი იყოს არა იაფი ყურძენი, არამედ ძვირი ღვინო. ჩვენი კომპანიის შენმთხვევაში, მე და ჩემი ძმა რესურსს ვაერთიანებთ, საერთო ხარჯებს ვინაწილებთ და, შესაბამისად, გვაქვს საერთო პროდუქტი, რომლის შემოსავალსაც ვიყოფთ. საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს ღვინო და არა - ყურძენი. ღვინის ბაზარზე მეღვინე ხარისხზე უნდა იყო ორიენტირებული, ვინაიდან დღევანდელი მომხმარებელი თვისობრივად განსხვავდება საბჭოთა მომხმარებლისგან, ვისთვისაც რაოდენობა ფასობდა და არა - ხარისხი. შემდგომი გამოწვევა გასაღების ბაზრებია: ახლა საქართველოში ნელ-ნელა ბრუნდება მაღალხარისხიანი ღვინის დამზადების და მოხმარების კულტურა. ქართული ღვინო რუსული დაბალხარისხოვანი და უკიდურესად პოლიტიზირებული ბაზრიდან დასავლურ ბაზარზე იმკვიდრებს ადგილს. პარადოქსია, მაგრამ ამას პუტინი და კრემლიც დაეხმარა, როდესაც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა აკრძალა. აკრძალვამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანა, იმიტომ, რომ რუსეთში ფალსიფიცირებული ღვინოც საღდებოდა, ხოლო დასავლურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, ქართველი მეღვინე იძულებული გახდა, მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო ეწარმოებინა. ცხადია, ამან ქართული ღვინის ხარისხი და ცნობადობაც გაზარდა.