"სახე-დარის" საპონი Ebay-ზე მოთხოვნადი არ აღმოჩნდა
„სახე-დარის“ მიერ ვირის რძისგან დამზადებული საპონი ერთ-ერთ უმსხვილეს ელ-კომერციის პლატფორმაზე Ebay-ზე გავიდა, თუმცა, ვერ გაამართლა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „სახე-დარის“ დამფუძნებელმა თემურ ლომიძემ განუცხადა.
„დიდი გამოხმაურება არ იყო, რამდენიმე ცალი გაიყიდა. შემდეგ გავაჩერეთ ეს მიმართულება. პრობლემას ქმნიდა ლოგისტიკაც. ძალიან რთულია აქედან ტრანსპორტირება, საკმაოდ ხარჯიანია,“-აცხადებს ლომიძე.
100 სულისგან შემდგარი ვირების ფერმა ამჟამად წელიწადში 700 ლიტრ ვირის რძეს ყიდის. კომპანია აწარმოებს რძის ფხვნილსაც, რომელიც იდეალური ფორმაა ექსპორტისთვის.
ვირების ფერმა „სახე-დარი“ ადგილობრივი ბაზრის გარდა, ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს - ტუჩსაცხს, სახის საცხსა (6 სახის) და საპონს აშშ-ში ყიდის და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც მუშაობს.
ლომიძის ინფორმაციით, დღეისთვის რძის ფხვნილის წარმოება „ბაქტერიოფაგთან“ თანამშრომლობით ხდება.
ადგილობრივ ბაზარზე 1 ლიტრი ვირის რძე 70 ლარი, ხოლო 1 კგ ყველი 1500 ლარი ღირს. საპნების ღირებულება 20 ლარია, 1 გრამი სახის საცხის ფასი კი 1 ლარს შეადგენს.
ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა.