ბიზნესი
12/12/2022

გორგოლაჭები ევროპის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში იწარმოება - "მისკუზის" გეგმები

საქართველოში წარმოებული ეკომეგობრული, ფერადი გორგოლაჭებით - სახელწოდებით „მისკუზი“ საფრანგეთიდან და აშშ-დან დაინტერესდნენ. პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ანალოგი არ აქვს, შესაბამისად, ინტერესი და გაყიდვების მაჩვენებელი მაღალია საქართველოშიც.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გორგოლაჭების ქართული ბრენდის თანამდამფუძნებელმა მარიამ ქემოკლიძემ განუცხადა, თავდაპირველი მიზანი დარბაზის გახსნა იყო. ინსპირაციის წყარო კი ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან, როგორც ქართული წარმოების გორგოლაჭების შემქმნელები გვიყვებიან, სწორედ ამერიკულ ფილმებში გვხვდება დიდი რინკები, სადაც დისკო მუსიკაზე, სტუმრები გორგოლაჭებით სრიალებენ და ერთობიან. თუმცა, შემდეგ „მისკუზის“ დამფუძნებლებმა თავდაპირველი იდეა შეცვალეს და თავად ფერადი გორგოლაჭების წარმოება გადაწყვიტეს. ბრენდის სახელიც ცნობილ ფილმს დაუკავშირეს.

„ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ფესტივალზე, უცხოელი როლერი გოგონა მოვიდა ჩვენთან და დაინტერესდა ჩვენი გორგოლაჭებით. ვუთხარით, რომ ადგილობრივი ნაწარმია. მან გვითხრა, რომ  მთელს ევროპაში არ არსებობს საწარმო, რომელიც გორგოლაჭებს ქმნის. ძირითადი მწარმოებელი არის აშშ და ჩინეთი და აღმოჩნდა, რომ ევროპაში ვართ ერთადერთი საწარმო “, - განმარტა მარიამ ქემოკლიძემ.

მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე გორგოლაჭებზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ საქართველოდან ამ პროდუქტის იმპორტით უკვე რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა, სწორედ ამიტომ, მალე წარმოების გაზრდა და გორგოლაჭების ექსპორტზე გატანა განიხილება. ამასთან, „მისკუზის“ დამფუძნებლების გეგმებშია, როლერებისთვის სპეციალური დარბაზის გახსნა, დამცავი ინვეტარის შექნა, კერძოდ  - ჩაფხუტების, სამუხლეების და სხვა.

ცნობისთვის, საქართველოში ეკომეგობრული, ფერადი გორგოლაჭების წარმოება  იმპორტირებული ნედლეულით, მიმდინარე წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, თვეში 100 მდე გორგოლაჭი იწარმოება.  „მისკუზის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამით ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ და იმპორტირებულ პროდუქციასაც კონკურენციას უწევენ.

Businesspartner