ბიზნესი
03/05/2021

Glint Property-ს საშუალებით ქართველმა ემიგრანტებმა უკვე 20 ბინა შეიძინეს

საქართველოში უძრავი ქონების შეძენით აშშ-ში და ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში  მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქტიურად ინტერესდებიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ აშშ-ში დაფუძნებული უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Glint Property-ს თანადამფუძნებელმა შიო ხეცურიანმა განუცხადა, სერვისი აშშ-ს ბაზარზე 4 თვეა გაეშვა და უკვე საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადია.

„დიდი რაოდენობით მოთხოვნაა, იმაზე მეტი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ში შედარებით დასტაბილურდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა,  ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, შესაბამისად, ამაზე მოთხოვნაც მზარდია,“ - აცხადებს ხეცურიანი.

მისი ინფორმაციით, უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Glint Property-მ გახსნიდან 4 თვეში საქართველოში 20-ზე მეტი ბინა გაყიდა. ხეცურიანი აცხადებს, რომ პარტნიორი კომპანიები არიან დეველოპერული კომპანია „არქი“, „ალიანს ჯგუფი“, სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ და “ლებაუ“.

„ემიგრანტებისთვის აღნიშნული პლატფორმა უფრო მოსახერხებელია, რადგან მათ ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ოფისში, გაეცნონ საქართველოში უძრავი ქონების პროექტებს, რომელსაც ლიდერი კომპანიები წარმოადგენენ და რაც ყველაზე მთავარია - ქონება შეიძინონ ზუსტად იმ ფასად, რა ფასადაც შეეძლოთ საქართველოდან შეესყიდათ," - აცხადებს შიო ხეცურიანი.

მისი განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის შექმნის  საჭიროება იმ მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა, რაც ამერიკაში არსებობს.

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Glint Property-ს თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა პარტნიორი კომპანიების სია გაფართოვდეს.