გიორგი კოდუა: თუ ქართული ავიაკომპანია ბილეთს აძვირებს, ეს უფრო სპეკულაციაა
ავიაკომპანია Air Georgia-ს დამფუძნებელი, „ბიზნესპარტნიორთან“ კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაძვირების მიზეზებს ასახელებს. გიორგი კოდუა ამბობს, რომ ქართული კომპანიების მიერ ბილეთების გაძვირება სპეკულაცია იყო.
„პანდემიის პერიოდში ბილეთები იმიტომ არ გაძვირებულა, რომ ავიაკომპანიებს უფრო მეტი ხარჯი აქვთ. უბრალოდ, ის დიდი ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ 300 თვითმრფინავით, ბიუჯეტიც ამ რაოდენობაზე ჰქონდათ გათვლილი. სახელფასო ფონდი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იყო. მათ დაკარგეს რეისები და შემოსავლები. 300-დან 200 თვითმფრინავი დადგა და ვეღარ ოპერირებდა. ხარჯები იგივე დარჩათ და ასეთმა კომპანიებმა თითო რეისზე დაამატეს ის ფასი, რაც სხვა რეისებიდან უნდა შემოსულიყო.
ქართული ავიაკომპანიების შემთხვევაში სხვაგვარადაა. ჩვენ არ გვაქვს ასეთი დიდი ფლოტი. თუ ქართული ავიაკომპანია ბილეთს აძვირებს, ეს უფრო სპეკულაციის საგანია. ვითომ საერთაშორისო ბაზარზე არის ფასები აწეული და ისიც ამით ხეირობს“,- აღნიშნა კოდუამ.
მისივე თქმით, Air Georgia მომხმარებლებს ბილეთის დაბალ ფასს შესთავაზებს.
„ჩვენი ფასები იქნება ძალიან დაბალი. ფასებს, რაც 2019 წელს თუნდაც WizzAir-სა და Ryanairs-ს ჰქონდა“,- განმარტავს კოდუა.