გიორგი კოდუა: ავიაინდუსტრიაში 2021 წელს ახალი რეალობა იქნება, ახალი სახეებით და ახალი სახელებით
საავიაციო სექტორი 2021 წელს ახალ რეალობაში აღმოჩნდება. ინდუსტრია აღდგენისთვის ემზადება და ამ პროცესში მთავრობის დახმარების იმედი აქვს.
„ძალიან მძიმე სიტუაციაა ავიაციაში, მძიმე დანაკარგები გვაქვს. ბევრი კომპანია, ალბათ, ვერ დაუბრუნდება ოპერირებას, რადგან შეიძლება გაზაფხულამდე ვერ გასტანოს. ბევრი კომპანია გაკოტრდება, ბევრი დაიხურება, ბევრი შეერწყმება ერთმანეთს. 2021 წელს ახალი რეალობა გვექნება, ახალი სახეებითა და ახალი სახელებით“,- აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ Air Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა.
საავიაციო ინდუსტრია მთავრობისგან, პირველ რიგში, ზუსტი თარიღებისა და მიმართულებების დადგენას ითხოვს, სად და როდიდან შეეძლებათ ფრენა.
„რა თქმა უნდა, აპრილში საზღვრებს ყველა ქვეყანა არ გაგვიხსნის. ზამთარში არის დრო, რომ ამ ქვეყნებთან მუშაობა დავიწყოთ. მთავრობამ უნდა გვაცნობოს ავიაკომპანიებს, რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩვენც ვიყოთ მზად. ისინი შეიძლება მუშაობდნენ ევროპასთან და არ მუშაობდნენ აზიასთან, ან პირიქით, ჩვენ კი ამ დროს არასწორი გეგმები დავსახეთ. უნდა იყოს კოორდინირებული მუშაობა“,- თქვა კოდუამ.
მისივე განმარტებით, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ქართული კომპანიები ლოკალურ ტერმინალებში მოსაკებლის გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ.
"ყოველი რეისის დაწყება ბევრ რამეს საჭიროებს. ზოგი 3 თვიდან 1 წლამდე დებს რესურსს, რომ სტარტაპის პერიოდში რეისები დაიწყოს. ის რეისები, რომელზეც ქართული ავიაკომპანიები დაფრინავდნენ აღარ არის და ამ პროცესის გავლა მათ ხელახლა სჭირდებათ. ამ რეისების ასაგორებლად მილიონობით დოლარია საჭირო. ამ პერიოდში მთავრობის დახმარება იქნება ის, რომ ლოკალურ ტერმინალებში ქართული ავიაკომპანიები რაღაც პერიოდის განმავლობაში მოსაკრებლებისგან გათავისუფლდნენ. მინიმუმ სამი თვე მაინც. აეროპორტის მოსაკრებლები, შეიძლება, მთელი რეისის ხარჯის ღირებულების 10% იყოს. მაგრამ ეს იქნება წვლილი სახელმწიფოსგან. რა თქმა უნდა, ისიც გვესმის, რომ ქვეყანას არ აქვს თავისუფალი ხარჯები და ამის გამო ფულის ინვესტირებას არ მოვითხოვთ. თუმცა, ის ინფრასტრუქტურა რაზეც აქვთ წვდომა, ამ თვალსაზრისით მაინც დაგვეხმარონ“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ გიორგი კოდუმა.