ბიზნესი
13/10/2022

ღვინის სექტორს კიდევ ერთი კომპანია შეემატა - „ნასამხრალი“ მოხატულ ღვინოებს აწარმოებს

ქართული ღვინის სექტორს კიდევ ერთი კომპანია შეემატა. „ნასამხრალი“ ბაზარზე 2-3 თვეა გამოჩნდა და ის ღვინოს მოხატულ ბოთლებში აწარმოებს. ამ ეტაპზე, ახალი ბრენდი 3 სახეობის ღვინოს უშვებს, ესენია: ქისი, ხიხვი და საფერავი.

„ნასამხრალმა“ საკუთარი პროდუქცია ფართო საზოგადოებას პირველად 9 ოქტომბერს, თელავში, ფესტივალ „ღვინის დღეები საქართველოში“-ს ფარგლებში წარუდგინა.

„გვაქვს მოხატული ღვინოები, რითაც ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუწიოთ როგორც ქართულ ღვინოს, ისე ქართულ ისტორიას და მაქსიმალურად გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. ჩვენს ღვინოზე მოხატულია როგორც წარჩინებული, ბუმბერაზი ქართველები, ასევე ამ ცნობილი ადამიანების ნამუშევრებიც. ღვინის ბოთლზე დატანილია QR კოდი სხვადასხვა ენაზე. ამ QR კოდში კი ისტორიებია მოთხრობილი და ნებისმიერი მყიდველი შეძლებს, რომ ქართულ ისტორიასა და კულტურას გაეცნოს“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ალექსანდრა წიკლაურმა, კომპანია „ნასამხრალის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, „ნასამხრალის“ ღვინო მხოლოდ ფესტივალების ფარგლებში იყიდება, უახლოეს პერიოდში, კი მას ჰორეკა სექტორში და სხვადასხვა სავაჭრო ქსელში შეიტანენ.

Businesspartner