ბიზნესი
01/06/2021

ღვინის ბარი Wine Not-ი: ბიზნესს შეცვლილი კონცეფციით ვინარჩუნებთ

ღვინის ბარ და მაღაზია Wine Not-ი პანდემიის და შეზღუდვების გამო, განსხვავებული კონცეფციით მუშაობს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო აბულაძემ "ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ბარზე აქცენტის ნაცვლად, კომპანიამ აქცენტი მაღაზიასა და ონლაინ მიწოდების სერვისზე გააკეთა.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებებით კომპანია იმდენად გააქტიურდა, რომ საკუთარი ვებ-გვერდიც აამოქმედა.

„ახლაც ასე ვმუშაობთ. გვინდა, მალე დავუბრუნდეთ  ძველ ფორმატს, გვქონდა მეტი შემოსავალი, იგეგმებოდა ივენთები, ღვინის დეგუსტაციები, ახლა კი ამის საშუალება არ გვეძლევა. შექმნილ სიტუაციაში კომპანია საკუთარ თავს ინახავს, ე.წ კომენდანტის საათის გამო შემცირებულია ქვითრის რაოდენობაც,“ - აცხადებს აბულაძე.

მისივე განმარტებით, კომპანიას საინვესტიციო გეგმები დაუპაუზდა. მომავალი წლისთვის გადაიდო ბათუმში Wine Not-ის ფილიალის გახსნა, გრძელვადიანი გეგმაა ასევე უნგრეთში ბარის გახსნაც.

შეგახსენებთ, პანდემიამდე Wine Not-ის სტუმრების 50% უცხოელი ტურისტი იყო. კომპანია დაახლოებით 200-მდე მცირე, საოჯახო ტიპის მარანთან თანაშრომლობს.